ბათუმში ცნობილი რესტორნის „სან რემოს“ დემონტაჟის შემდეგ, ახალი შენობის და პირსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ბათუმის ბულვართან, რუსთაველის ქუჩის ბოლოში, 11 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი პლაჟზე, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შპს „ხიდი-2006“-ზე 2068 წლამდე იჯარითაა გადაცემული.

ბათუმის მერიასა და „ხიდი 2006“-ს შორის ახალი ხელშეკრულება ქონების იჯარით გაცემაზე 2018 წლის 18 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის ოქტომბრისა და უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა. თუმცა, „სან რემოს“ შენობის და პირსის რეკონსტრუქციის დაწყების ვადა ბათუმის მერიამ რამდენჯერმე შეცვალა. საბოლოოდ რესტორნის დემონტაჟი გასული წლის ბოლოს განხორციელდა და კომპანიამ მშენებლობაც დაიწყო.

„სან რემოს“ მშენებლობა / 13.06.24

შპს „ხიდი-2006“ „სან რემოს“ ადგილზე დიდი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, რომელიც თითქმის სამჯერ მეტი სივრცის ათვისებას გულისხმობდა, თუმცა მერიამ პროექტი არ დაამტკიცა, რის შემდეგ კომპანიამ ესკიზი შეცვალა.

„სან რემოს“ ტერიტორიაზე გამოქვეყნებული საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ესკიზის მიხედვით, რესტორნის ადგილზე ახალ ნაგებობას შეცვლილი პროექტის მიხედვით ააშენებენ, მაგრამ ამ ეტაპზე საბოლოო ვარიანტი უცნობია.

რესტორნის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ 2023 წლის სექტემბერში გასცა, დასრულების ვადა კი 2025 წლის აგვისტომდეა. რაც შეეხება შენობის კონსტრუქციის მშენებლობას, მას კომპანია „ანაგი“ აწარმოებს, რომლის ინფორმაციით, 6000 კვ.მ.-ის მოცულობის მქონე რესტორნის კონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

კომპანია „ხიდი-2006“-ს 2007 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე იჯარით ჰქონდა გადაცემული ზღვისპირა ზოლში მდებარე პირსის შენობა, სადაც წლების განმავლობაში რესტორანი „სან-რემო“ იყო განთავსებული. რესტორნის მოიჯარე კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 2017 წლის შემოდგომაზე 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა კომპანიის ბანკის სესხი 94 000 აშშ დოლარიც დაფარა. შპს „ხიდი-2006“-ის მფლობელების ნონა ფუტკარაძის (33,4%), ლევან ბერიძის (33,3%) და ბესიკ თავდგირიძის (33,3%) წილები ედნარ პაპუნაიშვილმა იყიდა.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ხიდი-2006“ ბათუმში 2006 წელსაა რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დღეს ედნარ პაპუნაიშვილია, დირექტორი კი – ჯუმბერ ჭყონია. აღსანიშნავია, რომ ედნარ პაპუნაიშვილის შპს „გთემ გროუპმა“ წლების წინ შეიძინა კურორტ გოდერძიზე მიწები, სადაც 4 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას, ტბის მოწყობასა და 14 კოტეჯის მშენებლობას გეგმავდა.