საოჯახო მარნის „ჭორტაულის ვენახების" მეღვინემ, ალეკო ცქიტიშვილმა კახეთში, ბაკურციხეში, ჭორტაულის მიკროზონაში ვენახები 2020 წელს გააშენა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, გასულ წელს 1.5 ტონა ღვინო აწამოა, რაც საოჯახო მარნისთვის კარგი შედეგია. 5 წელიწადში წარმოების 5 ტონამდე გაზრდა სურს. უახლოეს გეგმებში კი ამერიკასა და ევროპაში ექსპორტი და იშვიათი ვაზის ჯიშების გაშენება აქვს.

„ჩემი საოჯახო მეურნეობა არის კახეთში, სოფელ ბაკურციხეში. ზვარი, ანუ ის მიკროზონა, სადაც ვენახია გაშენებული არის ჭორტაული, შესაბამისად, ღვინოს „ჭორტაულის ვენახები“ დავარქვი. ეს არის მცირე მიკროზონა, დაახლოებით, 30 ჰექტარი იქნება. აქ მოვხვდი მეგობარი ენთუზიასტებს ჯგუფთან ერთად. „ღვინის კლუბის“ და, მათ შორის, ჩემი ინიციატივა იყო, რომ სადმე იშვიათი ვაზის ჯიშები გაგვეშენებინა და შემდეგ ამ ყურძნისგან ღვინო დაგვეყენებინა“, - იხსენებს ალეკო ცქიტიშვილი.

მან ისიც გვითხრა, რომ მისი საოჯახო მევენახეობა „ქართულის ვაზის ფონდის“ მიერ გაშენებული ვენახებით იწყება და ის ისტორია, რომელიც 2010 წლიდან ბაკურციხეში მეგობრებთან ერთად გამოიარე ორგანულად არის მისი საოჯახო მარნის - „ჭორტაულის ვენახების“, ისტორიის დასაწყისი.

ალეკო ცქიტიშვილი გვიყვება, რომ 14 წლის წინ, ბაკურციხეში 10 იშვიათი ვაზის ჯიში გააშენეს, 2015 წელს პირველი ღვინოები დააყენეს და „ქართული ვაზის ფონდმა“ და მათ მიერ გაშენებულმა ვენახმა დიდი როლი ითამაშა იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციაში.

„ნატურალური „მცვივანი კახური“ ბაზარზე ჩვენ გამოვიტანეთ და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. „ქართული ვაზის ფონდის“ დამსახურებაა, რომ მცვივანი კახური ახლა სხვა მარნების ყურადღების ქვეშაა. ასევე ღვინის თეთრი უიშვიათესი ჯიშია, ახლაც კი რამდენიმე მარანს აქვს გაშენებული. ასევე ბუდეშურისებრი საფერავის და ვარდისფერი რქაწითლის ღვინოების წარმოებაშიც ერთ-ერთ პირველები ვიყავით“, - იხსენებს ალეკო ცქიტიშვილი.

სამომავლოდ ქვევრის ღვინის დაყენება სურს, ამ ეტაპზე კი ჭორტაულის ვენახებში რქაწითელი, საფერავი, ბუერა და მწვანე კახურის ჯიშები აქვს გაშენებული. ღვინოებში იყენებს ასევე ქისსაც. „ჭორტაულის ვენახების“ ღვინოები იყიდება თბილისის ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში, თუმცა, ალეკო ცქიტიშვილს საექსპორტო გეგმებიც აქვს და იმედოვნებს, რომ მალე მისი ღვინო აშშ-ს ბაზარზე მოხვდება.

„რამდენიმე რესტორანში იყიდება ჩემი მარნის ღვინოები, მათ შორის g.Vino-შო, ღvino Underground-ში, ფაბრიკას ტერიტორიაზე ღვინის ბარ „საამურში“. ძალიან მიხარია, რომ „ჭორტაულის ვენახების“ მიმართ ასეთი მოწონება და ინტერესია.

ახლახან მქონდა ამერიკელ იმპორტიორებთან შეხვედრა. ეს არის პროექტი, რომელსაც USAID და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ახორციელებს და სწორედ USAID-ის დახმარებით ხდება პირდაპირი კომუნიკაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებთან და მარნებთან. მათი ინიციატივით საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი იმპორტიორები, რომელთაც შესაძლოა ქართული ღვინო ამერიკაში გაიტანონ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ პროექტმა განვითარება პოვა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დეგუსტაციაზე, რომელიც კარდანახში ჩატარდა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ბუნებრივმა ღვინოებმა. შესაბამისად, მაქვს იმედი, რომ ჩემი ვენახის ღვინოები მალე ამერიკის ბაზარზე მოხვდება და, რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზეც შევიტან ღვინოს, ოღონდ არა რუსეთში“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ალეკო ცქტიტიშვილმა გასულ წელს „ჭორტაულის ვენახების“ 1.5 ტონა ღვინო აწარმოვა, 5 წელიწადში წარმოების 5 ტონამდე გაზრდას გეგმავს. ღვინის ფასს რაც შეეხება 1 ბოთლის ფასი 20-25 ლარია.

„2023 წლის მოსავალი 1.5 ტონა იყო, რაც საოჯახო მარნისთვის საკმაოდ კარგი რაოდენობაა. უახლოეს 5 წელიწადში ვგეგმავ, რომ 5 ტონამდე ავიდეს ღვინოს რაოდენობა და 10 წელიწადში 10 ტონას არ უნდა გადააჭარბოს, რადგან 10 ტონაზე მეტი წარმოება უკვე საოჯახო მარნის მასშტაბებს სცდება.

რაც შეეხება ფასებს, ბაზარს ვთავაზობ ღვინოს 20-25 ლარის ფარგლებში, თუმცა მაღაზიაში ფასნამატი აქვს თავისი და მინახავს ჩემი ღვინო 35, 40, 50 ლარადაც, გააჩნია სად მდებარეობს და რა ხარჯები აქვს ამა თუ იმ რესტორანს“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

ფოტოზე - კარდენახის დეგუსტაცია