ყოველ კვირას ახალ-ახალი ცუდი სიახლეებია - გაძვირდა ნიგოზი, გაძვირდა ქიშმიში, გაძვირდა ხორცი - რატომ უნდა გაძვირდეს ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებული არ არის, წარმოდგენა არ მაქვს, - ეს განცხადება რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კოტე გაბრიჩიძემ გააკეთა.

როგორც კოტე გაბრიჩიძე აღნიშნავს, მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იზრდება კომუნალური გადასახადები, რაც ერთი მხრივ, სარესტორნე ბიზნესს აწვება, ფასები იზრდება და საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ზარალდება.

„ვერ ვასწრებთ მენიუს ფასებით იმ რეალობას დავეწიოთ, რაც ქვეყანაში ხდება. ყოველ კვირას ახალ-ახალი ცუდი სიახლეებია - გაძვირდა ნიგოზი, გაძვირდა ქიშმიში, გაძვირდა ხორცი - რატომ უნდა გაძვირდეს ის პროდუქტი, რომელიც იმპორტირებული არ არის, წარმოდგენა არ მაქვს. გარდა ამისა, დოლარისა და ევროს კურსი სტაბილურია ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ფასები მაინც სულ ზევით და ზევით მიდის, ვერ ვხვდები, გაუგებარია.

რასაკვირველია, ეს რეალობა აისახება რესტორნებზე, ჩვენ ხომ სხვა პლანეტაზე არ ვართ. ასეა კომუნალურების მიმართულებითაც - თვალსა და ხელს შუა 2 ლარიანი გადასახადი უცბად 6 ლარი ხდება, რა გაეზარდათ კომუნალურ სამსახურებს, ასეთი დანამატი რომ აქვთ? ხელფასი გაუზარდეს თანამშრომლებს, სხვანაირ ბენზინს ასხამენ თუ რა ხდება? ჩემი აზრით, ეს არის მონოპოლიზაციის შედეგი, არანაირი შეჯიბრებითობა არ არის, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ერთი რესტორანი რომ იყოს მთელ თბილისში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფასები ექნება. რატომ ზრდის ფასს დასუფთავება, არ მესმის - ნაგავი სხვანაირი ხდება, სეპარირება ხდება ქალაქგარეთ, რატომ, რატომ ხდება ასე?  საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფასში კომპენსირდება და გადახდა რესტორანში მოსულ სტუმარს უწევს“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.