თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წითელი აგურის სამსართულიანი შენობის ადგილას შესაძლოა ბაზალტით და ტრავერტინით მოპირკეთებული მრავალსართულიანი შენობა აშენდეს.

თერთმეტსართულიანი სახლის არქიტექტურულ პროექტზე თანხმობა ტერიტორიის მფლობელებმა 2019 წელს მიიღეს. ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურისგან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, შპს „ემ ემ 22“ და შპს „ფალიაშვილი 2023“ კორექტირებულ პროექტზე და დემონტაჟზე ნებართვას ელოდებიან.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩა #22-ში, სადაც დღესდღეობით განთავსებულია სამსართულიანი აგურის საცხოვრებელი სახლი. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთის მხრიდან ესაზღვრება ფალიაშვილის ქუჩა, აღმოსავლეთის მხრიდან, ჩიხი და კერძო მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. სამხრეთის მხრიდან აგრეთვე კერძო მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. დასავლეთის მხრიდან მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. საპროექტო შენობა წარმოადგენს თერთმეტ სართულიან საცხოვრებელ სახლს. სადაც აგრეთვე განთავსებულია ორ სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ავტოსადგომში ვხვდებით პანდუსით, სადაც ორ სართულზე განთავსებულია 23 ავტოსადგომი. ასევე ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან ტერიტორიაზე, წითელ ხაზებში დგება 2 მანქანა. 
პირველ სართულზე განთავსებულია სადარბაზო, კომერციული და საოფისე ფართობები. მეორე სართულზე საოფისე ფართობი. მესამედან-მეათე სართულამდე პროექტით გათვალისწინებულია სართულზე სამ-სამი ბინა. მეთერთმეტე სართული არის არასრული სართული, სადაც ასევე გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინა და ტექნიკური ფართობი. შენობის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ტრავერტინის და ბაზალტის ქვა, ლითონის მოაჯირები“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება პროექტის ცვლილებას, როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათშია მითითებული, შეთანხმებული პროექტის მინიმალური კორექტირება მოხდა.

კერძოდ: 1. პირველ სართულზე (0.00 ნიშნული) კომერციული ფართის ნაცვლად მოეწყო დამატებითი ავტოსადგომები. 2. მეორე სართულზე საოფისე ფართები შეიცვალა და გაკეთდა საერთო სარგებლობის ფიტნესის დარბაზი 3. შეიცვალა ტიპიური საცხოვრებელი სართული, თითო სართულზე განთავსდა ერთი საცხოვრებელი ბინა და ერთი საერთო სარგებლობის დამხმარე ფართი“, - ნათქვამია კორექტირებული პროექტის განმარტებით ბარათში.

რეესტრის მიხედვით, თბილისის ცენტრში მდებარე 900 კვ.მ ფართის მესაკუთრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, შპს „ემ ემ 22“ და შპს „ფალიაშვილი 2023“-ია. შპს „ემ ემ 22“-ის დირექტორი და 94%-ის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ლუკას ბერაძეა, ხოლო 6%-ს გიორგი ადამია ფლობს, კომპანია გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. 2023 წლის 6 ივნისს რეგისტრირებული შპს „ფალიაშვილი 2023“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი კი გიორგი ადამიაა.