არარეზიდენტ მიმწოდებლებთან 2022 წლის განმავლობაში ტენდერების შედეგად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 98 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების დაახლოებით 1.8%-ს უტოლდება. ინფორმაციას შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული 97,759,675 ლარიდან, ყველაზე დიდი წილი - 46 მლნ ლარის ხელშეკრულების ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა საფრანგეთში რეგისტრირებულ კომპანიებთან, შემდეგ მოდის აშშ, 26 მლნ-ზე მეტი ხელშეკრულების ღირებულებითა და უნგრეთი 8 მლნ-ამდე ლარამდე დადებული ხელშეკრულებებით.
არარეზიდენტებთან ყველაზე დიდი 22,973,290 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა 500 Startups Incubator, LLC -თან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ / ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურებების კატეგორიაზე. მეორე ადგილზეა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 17.98 მლნ ლარის ხელშეკრულება Sanofi Pasteur-თან, ხოლო მესამეზე EGIS International-თან გაფორმებული 14.9 მლნ ხელშეკრულება, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააფორმა.
2022 წელს eProcurement სისტემაში დარეგისტრირდა 3,550 ახალი მიმწოდებელი და ჯამში სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობამ, წლის ბოლოსთვის შეადგინა 52,724. აღსანიშნავია, რომ სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლებიდან 2,582-მდე არის არარეზიდენტი ბიზნეს სუბიექტი, 85 ქვეყნიდან.