საქართველოში ბიო მევენახეობის მიმართულება, სულ უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება. როგორც ხელვაჩაურის რაიონ, სოფელ ერგეში მდებარე მარან "ჩხაველის" თანადამფუძნებელი, მაკა თედორაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მიმდინარე ტენდენციას მევენახეების დიდმა ნაწილმა უნდა აუწყოს ფეხი, რადგან უცხოელ მომხმარებლებს ორგანული, ჯანსაღი პროდუქტის მიწოდება სურთ.
მაკა თედორაძის ინფორმაციით, საქართველოში ბიო მევენახეობის განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთში დიდ გამოწვევებსაც უკავშირდება.
"ახლა და ახლა გავიგეთ, რომ ღვინოში შაქრის დამატება შეცდომაა... წინა წლებთან შედარებით, გაცილებით უფრო განვითარებული ვართ. ბიო მევენახეობის ჭრილში, რომ ვისაუბროთ, აღნიშნული მიმართულება უფრო პოპულარული და დახვეწილი ხდება - რაც მისასალმებელია. ჩვენთან დასავლეთში, ბიო მევენახეობას, რომ მოჰკიდო ხელი, სირთულეებს უკავშირდება. პირველ რიგში, ხშირად უხვი ნალექი გვაქვს, შესაბამისად, ვაზზე დიდი მზრუნველობაა საჭირო. ამასთან, ვენახის ბიო პრეპარატებით შეწამვლა აუცილებელია, რაც საბოლოო ჯამში, დიდ ხარჯებს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, ისეთ კარგ მოსავალს მიიღებ, რომელიც რაოდენობრივად ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ხარისხიანია. საერთო ჯამში, ბიო მევენახეობას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. ხარისხზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, მეტ-ნაკლებად მეღვინეობაში, ვინც ერკვევა ხარისხის გარჩევა ძალიან მარტივია. რაც შეეხება ბაზარს, ჩვენ დეგუსტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ გვყოლია, ხოლო უცხოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ორგანული, ჯანსაღი იყოს - ნაკლები ჩარევით...
უცხოელებს აღნიშნული მიმართულება ძალიან აინტერესებთ, შესაბამისად, ჩვენც გვინდა, რომ მიმდინარე ტენდენციას ფეხი ავუწყოთ და ვცდილობთ ბიო მევენახეობის განვითარებაში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ", - აღნიშნავს მაკა თედორაძე.
ცნობისთვის, ხელვაჩაურის რაიონ, სოფელ ერგეში მდებარე მარანი „ჩხაველი“ ბათუმიდან 11 კმ-ში მდებარეობს. ოჯახური ტიპის მარანი 4 სახეობის ღვინოს: "ჩხაველს", "ცოლიკაურს", "საფერავსა" და "ქისს" აწარმოებს. ვენახი 2 000 კვ მეტრზეა გაშენებული.