„საგარეო დახმარების შეჩერება საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება,“ - ამის შესახებ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა ისაუბრა.
აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არსებობს ინფორმაცია რომ პროექტები სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, დროებით გააჩერა USAID-მაც.
„USAID-ის შეჩერებული პროექტები უკან დახევს ქვეყანას, თუმცა ერთია შეჩერება და მეორე საკითხია გაუქმება. 90 დღე არსებობს იმისთვის, რომ საბოლოოდ გადაწყდეს რა შეჩერდა დროებით და რა შეჩერდა სრულად.
აღსანიშნავია, რომ USAID-ს საგანმანათლებლო მიმართულებით უამრავი პროექტი აქვს დაფინანსებული, მათ შორის არის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი. USAID-ისა და მისი დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, შეიქმნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, ასევე ძნელად მისადგომ რეგიონებში შეიქმნა კოლეჯები, ადამიანებს გაუჩნდათ წვდომა განათლებასთან, რომ ჩართულიყვნენ ბიზნესში.
მათი დაფინანსებით უამრავი გაცვლითი-საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამა დაფინანსდა. საგარეო დახმარების შეჩერება საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება. რთულია იმის თქმა თუ რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ თანხამ მილიარდსაც გადააჭარბოს,“ - ია თაბაგარი
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს. დღეს კი გავრცელდა „ბიბისის“ ინფორმაცია, რომლითაც აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ. მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს. მოსამართლე ალიხანმა განაცხადა, რომ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება, მანამ, სანამ ამ საკითხზე ზეპირი კამათის საშუალება მიეცემა.