უძრავი ქონების ბაზარი ნამდვილად კრიზისშია, არავითარი ზრდა არ ყოფილა, არავითარი წინსვლა არ არის, - ასე ეხმიანება უძრავი ქონების კომპანია ELP-ს დამფუძნებელი ლევან ელიზბარაშვილი Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, 2025 წლის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, საწყისი პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული პაუზის შემდეგ, მოთხოვნის მნიშვნელოვანი აღდგენითა და ფასების დასტაბილურებით დასრულდა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა და კავშირი არ აქვს რეალობასთან, რადგან ნებისმიერი სტატისტიკის წყარო არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბინები.
კერძოდ, მისი განმარტებით, ექსპლუატაციაში შესული კორპუსები და სტატისტიკაში მოხვედრილი ციფრები გაყიდულია 2-3 წლის წინ და არა შარშან ან შარშანწინ. ამდენად, ამ სტატისტიკის განხილვას იმასთან მიმართებით, რა ხდება დღეს ან რა ხდებოდა 2025 წელს, კავშირი არ აქვს 2026 წელთან.
„რა მდგომარეობაშია უძრავი ქონების რეალიზაცია, ამაზე ყველაზე მეტად მეტყველებს, როგორ იყიდება ის. როგორც იყიდება ის, ისეთ მდგომარეობაშია უძრავი ქონება. უძრავ ქონებაზე კი მოთხოვნა იმდენად არის დაცემული, რომ ძირითადი რეალიზაცია ხდება 0%-იანი შენატანით, რაც მანამდე არ ყოფილა, ეს არის მთავარი. ვერც ერთი ბანკი, ვერც ერთი ფინანსური ინსტიტუტი, ვერც Galt&Taggart, ვერც „თიბისი კაპიტალი“ ვერ აღრიცხავს იმას, რა ხდება დღეს ბაზარზე იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ, ვერ აღრიცხავენ და არ აღირიცხება. 2025 წელს რა ხდებოდა, ეს გამოჩნდება ამ სტატისტიკის მეთოდოლოგიით დაახლოებით 2027-2028 წელს. რატომ? იმიტომ, რომ თბილისში პროექტის საშუალო ხანგრძლივობა არის 2-3 წელი. ამის შემდეგ ხდება რეგისტრაციები უძრავი ქონების საჯარო რეესტრში და აისახება სტატისტიკაში“, - აცხადებს ლევან ელიზბარაშვილი.
მისივე ინფორმაციით, უძრავი ქონების ბაზარზე არავითარი ზრდა არ ყოფილა და არავითარი წინსვლა არ არის, რისი მიზეზიც მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია.
„არის მოთხოვნა მიწოდებაზე მეტი? სექტორი ჯანმრთელია. ტოლია? სექტორი ჯანმრთელია. მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას? სექტორი ჯანმრთელი აღარ არის. სექტორი ჯანმრთელი აღარ არის, კაი ხანია. ველოდებოდი, რომ იტყოდნენ, უძრავი ქონება ვითარდება, უძრავი ქონების პოზიტიურ ნიშნებს უბრუნდებაო, რასაც რეალობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და ვერც ექნება. ფასებთან ამ რეალობას კავშირი არ აქვს. მერწმუნეთ, მოთხოვნა ბევრად მეტი რომ იყოს, ვიდრე მიწოდება, ფასები ასტრალში იქნებოდა გავარდნილი. 1500 დოლარი იმიტომ არის ფასი ახლა, რომ მოთხოვნაა დაცემული“, - ამბობს ლევან ელიზბარაშვილი.
ლევან ელიზბარაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ მძიმე მდგომარეობას ეროვნული ბანკი კარგად გრძნობს და ამასთან ერთად, რეალობის ეშინია.
„ეროვნული ბანკიც იმიტომ ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ ეშინია. ეროვნული ბანკი სერიოზული ინსტიტუტია და პირველია, ვინც ამბობს, რომ იპოთეკური სესხების პროცესი გადავიდა უძრავ ქონებაში, 20-30%-ს რომ აგროვებინებდა, ეს რომ მასიური გახდა და ყველას მოედო, ეს რა უბედურებაა, რა ხდება სექტორში ასეთიო. ამიტომ ნერვიულობს - როგორ შეიძლება საბანკო პროცესები თავის თავზე სექტორმა აიღოს? ყველა ამით არის დაკავებული და ამიტომ წამოვიდა პრობლემები, უბრალოდ, ღიად არ საუბრობენ, არავის ელაპარაკებიან ღიად“, - დასძენს ლევან ელიზბარაშვილი.