რძის საწარმოები ნედლი რძის დეფიციტზე საუბრობენ. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 584 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს, რაც წინა წლების მაჩვენებლის მსგავსია. ბოლო წლების შედეგები რიცხვებში აჩვენებს, რომ მოთხოვნის ზრდას ადგილობრივი წარმოება ვერ ეწევა და ბაზარზე ნედლი რძე დეფიციტურია. რძის საწარმო “შვანრეს” დამფუძნებელი BMG-სთან აცხადებს, რომ კლება 2024 წელს კიდევ უფრო შესამჩნევი იყო, რაც სარეალიზაციო ფასებზეც აისახა.

"წელს კიდევ უფრო რთული პერიოდი იყო ოპერატორებისთვის, რომლებიც ნედლ რძეს აწარმოებენ და ყიდიან. შეინიშნებოდა ნედლი რძის სიმწირე და ძალიან დეფიციტი იყო ბაზარზე. შესაბამისად, ფასი მაღალი იყო, რადგანაც მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა და კიდევ უფრო რთული იყო კონკურენციის გაწევა ფალსიფიცირებული პროდუქციისთვის. ერთადერთი, რამაც შეღავათი გაგვიწია იყო მარაგები, რომელიც ზაფხულის პერიოდში იყო დაგროვილი და ამან გადაგვატანინა ახალი წლების აქტიური პერიოდი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პრობლემა კიდევ ისეთი აქტუალური და მწვავე, როგორც 2024 წელს იყო, არ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა ნედლი რძე ვერ უწევს კონკურენციას ფალსიფიცირებულ პროდუქციას.

ამდენი წელია მომავლის იმედი გვაქვს, რომ გამოსწორდება სიტუაცია, მაგრამ უარესობისკენ და უარესობისკენ მივდივართ, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად ველოდებით ნედლი რძის მოცულობების შემცირებას ქვეყანაში”, - ამბობს “შვანრეს” დამფუძნებელი ნონა ანსიანი.

როგორც ცნობილია, იაფფასიანი ფხვნილის მიმართ მოთხოვნა და დამოკიდებულება მზარდია. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით რძის შემცვლელი მხოლოდ პასტის იმპორტი 71%-ით გაიზარდა, რაშიც ჯამურად 283 000 დოლარი გადავიხადეთ.

bm.ge