დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ქსელური მარკეტების მხრიდან დაწესებული გადასახადების მოცულობა შემცირდება, ეს სასურსათო პროდუქციის მიწოდების ფასზე მყისიერად აისახება.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ BMG-ის განუცხადა, სექტორს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობის და პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებული ე.წ ფასების კომისიის ერთ-ერთი მთავარი შედეგი გარკვეული რეგულირების ჩარჩოს შემოღება იქნება, რომლის ფარგლებშიც მარკეტების მიერ მიმწოდებლებისთვის დაწესებული სხვადასხვა გადასახადები, მათ შორის ე.წ „ქეშბექების“ მოცულობა შემცირდება.

“სადისტრიბუციო სექტორი, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებლები ვიმედოვნებთ, რომ [ფასების] კომისიის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება და ის რეგულირების ჩარჩო, რასაც წლების განმავლობაში ვითხოვთ, საბოლოოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს პროდუქციის ფასზე.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ სხვა ბიზნესსუბიექტები და ამ ჯაჭვში მონაწილე სექტორები არ დაზიანდნენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი, როგორც მინიმუმ, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიმართულებით მაინც პოვებს სწრაფ და ეფექტურ ასახვას, თუმცა მთლიან ჭრილში ეს საკმაოდ განგრძობადი პროცესი არის, რომელიც ისე მარტივად, შეზღუდული დროის ჭრილში ფიზიკურად შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს, რომ რაიმე ტიპის ზეგავლენა მოახდინოს.

სადისტრიბუციო სექტორი და მწარმოებლები იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ მარკეტების მიერ დაწესებული ის გადასახადები, რისი გადახდაც დღეს უწევთ, ან შემცირდება ეს გადასახადები, თავის მიწოდების ფასში, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მეორე დღესვე ასახავენ იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ეს ყველაფერი შემცირდება. უბრალოდ შემდგომ რჩება რითეილის მხარე, რომელმაც ის ხარჯები თვითონ უნდა დაიკომპენსიროს, რა ხარჯებიც გააჩნია და რომელთა მობილიზებასაც ახდენდა და ახდენს სადისტრიბუციო სექტორიდან და ადგილობრივი მწარმოებლებიდან იმ გადასახადების სახით, რისი გადახდაც უწევთ დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს.

საერთაშორისო პრაქტიკის ბევრი ქვეყნის მაგალითის ანალიზით შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ და მოვარგოთ იმ ქართულ რეალობას, რომლის წინაშეც დგანან მომწოდებლები, დისტრიბუტორები და მწარმოებლები ქსელურ მარკეტებთან. ვფიქრობთ, რომ ამ პრაქტიკის რეალიზება და გადმოტანა ჩვენს რეალობაში - იქნება ეს გარკვეული გადასახადის გაუქმება, გარკვეული გადასახადის შემცირება თუ ასე შემდეგ რაღა თქმა უნდა, მიწოდების ფასში დადებით შედეგს პოვებს მომწოდებლების მხრიდან,” - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

bm.ge