ონლაინ პლატფორმა Temu-ს დაბალი ფასები ქართული ონლაინ ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილში უკმაყოფილების საგანია და მათგან იმაზეც იყო საუბარი, ჩინურ გიგანტს სახელმწიფომ გარკვეული ტარიფები დაუწესოს, რაც, როგორც ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, ლევან მოლაშვილი ამბობს ისევ მომხმარებელს დააზარალებს.
როგორც ლევან მოლაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, საჭიროა არა ტარიფების და შეზღუდვების დაწესება, არამედ ადაპტირება და Temu-ს სუსტი წერტილების პოვნა.
„საქართველოში ელექტრონული კომერცია იზრდება, იზრდება ბუნებრივად, საკმაოდ მყარი ნაბიჯებით. კი, წელს მცირედი კლება არის, თუმცა, კლება პანდემიის ეფექტიდან გამომდინარეა და საერთო ჭრილში ამას ბუნებრივ ზრდას დავარქმევდი.
რაც შეეხება Temu-ს, ნამდვილად აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი და კი, გარკვეულწილად ეს პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მსგავს ბიზნესს უძღვება. თუ გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ კარგი მოთამაშე შევზღუდოთ იმიტომ, რომ სხვა, უფრო ნაკლებად ეფექტიანმა მოთამაშეებმა მომხმარებელს იგივე პროდუქცია უფრო ძვირად და დაბალი სერვისით შესთავაზონ, გავაგდოთ Temu ბაზრიდან და გავყაროთ სხვა კარგი მოთამაშეებიც. თუ ადაპტირების გზას ავირჩევთ, Temu სუსტი წერტილები უნდა ვუპოვოთ. მაგალითად: ხარისხი, გარკვეული შაბლონური ჩინური პროდუქცია. უნდა ვიპოვოთ ისეთი ნიშები, სადაც Temu უძლურია: მაღალი ხარისხი, ხელნაკეთი ნივთები, ორიგინალური პროდუქცია.
არის გამოცდილება, მაგალითად, ამერიკის შემთხვევაში, სადაც გარკვეული ტარიფების დაწესება მოხდა, მაგრამ მთავარი კითხვა აქ ის არის, ვინ იხდის ამ ტარიფებს და ვინ დაზარალდება საბოლოო ჯამში? თუ ჩვენი მიზანია შეღავათების დაწესება იმპორტიორების მცირე ჯგუფისთვის, კარგი, მაგრამ თუ ვსაუბრობთ, ვინ დაზარალდება საბოლოო ჯამში, ეს არის მომხმარებელი. ერთადერთი გამოსავალი ადაპტირებაა და ის, რომ უნდა გავხდეთ თუნდაც Temu-ზე უკეთესები“, - განაცხადა ლევან მოლაშვილმა.