„თუ განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი გაუქმდა, მოსახლეობას ნებისმიერი ნივთის გამოწერისას მოუწევს დამატებითი გადასახადის გადახდა. ზღვარი კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ გაიზარდოს“ - ამის შესახებ კომერსანტთან საუბრისას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს უცხოეთიდან ნივეთბის გამოწერის მზარდი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარია, ხოლო ზღვარის გაუქმების შემთხვევაში მათი ფინანსური მდგომარეობა გართულდება.
„რატომ ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას ნივთების ონლაინ გამოწერას და რამდენიმე კვირიან ლოდინს, როცა შეუძლიათ, მაგალითად, სავაჭრო მოლებში კომფორტულად ივაჭრონ? ამ ყველაფრის მიზეზი მათი დაბალი მსყიდველობითი უნარია. თუ განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი გაუქმდება ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ნებისმიერ გამოწერილ ნივთზე, თუნდაც 20 ან 30 ლარიან ნივთზე მათ უნდა გადაიხადონ დამატებითი გადასახადი. ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების კიდევ დაბეგვრა არ არის სწორი, პირიქით, განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს 900 ლარამდე, რათა მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი ასევე ამბობს, რომ თუკი მსხვილ ბიზნესს აქვს არათანაბარი კონკურენტული გარემოს განცდა, მათ ეს ყველაფერი სხვანაირად უნდა გადაწყვიტონ, კერძოდ, მოითხოვონ მათზე დაკისრებული განბაჟების გადასახადის გაუქმება.
„თუკი მსხვილი ბიზნესი გრძნობს, რომ არათანაბარ კონკურენციაშია, მაშინ მათ დააყენონ სწორი მოთხოვნები. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის ყველაზე მარტივი გზით წასვლა, რომ ჯოხი კვლავ მომხმარებლებზე გადავტეხოთ. ამის მაგივრად, თუ ეს პრობლემა მათ რეალურად აწუხებთ უნდა მოითხოვნო მათზე დაკისრებული გადასახადის გაუქმება და არა სხვა ადამიანებისთვის ცხოვრების გაძვირება. გარდა ამისა, კონკურენცია ისეც და ასეც მუდმივად იქნება, ამიტომ უმჯობესია იმაზე იფიქრონ თუ როგორ გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები და არა იმაზე, როგორ დაიბეგროს მოსახლეობა დამატებით“. - განაცხადა ნოდარ სირბილაძემ.