2024 წელი სარეკლამო ბიზნესისთვის აქტიური იყო, თუმცა წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ სექტორშიც რყევები გამოიწვია. პროტესტისა და აქციების გამო ბევრმა ბიზნესმა საახალწლო კამპანიების განხორციელებისგან თავი შეიკავა. რის გამოც დეკემბერი სააგენტოებისთვის არც თუ ისე მომგებიანი გამოდგა. ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში 2024 წელი ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო ,,კლიპარტის’’ დამფუძნებელმა დიმიტრი ტიკარაძემ შეაფასა. მისი თქმით, გასული წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თუ არ ჩავთვლით დეკემბრის თვეს, რომელიც ჩავარდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზების გაკეთება. დიმიტრი ტიკარაძის შეფასებით, სარეკლამო სააგენტოები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდი სენსიტიურობით გამოირჩევიან, რადგან არასტაბილურ ვითარებაში ბიზნესები ხარჯების ოპტიმიზაციას იწყებენ და პირველ რიგში სწორედ რეკლამისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს ამცირებენ.
,,საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება. მით უმეტეს, როცა ჯერ კიდევ ბიზნესიც გახლეჩილია და ასე ვთქვათ, პოლარიზაცია არის ქვეყანაში. პრინციპში, რაც შეიძლება ვთქვა არის, რომ სარეკლამო კომპანიებისთვის ძალიან სენსიტიურია რაც ხდება ქვეყანაში. პირველი ხარჯების ოპტიმიზაციას, რასაც იწყებენ კომპანიები, ეს არის სარეკლამო ხარჯების შემცირება, თუმცა ამ შემთხვევაში, ორ ნაწილად რომ გავყოთ, მიმდინარე პროცესებში არ შეჩერებულა ისე, რომ დიდად ვიღაცას შეეჩერებინა აქტივობები, თუმცა დეკემბერში თითქმის 2-ჯერ მეტია ხოლმე აქტივობა, კონკრეტული ფასდაკლებებით და აქციებით. პრაქტიკულად ეს არ მომხდარა. რეალურად დეკემბრის თვე ჩავარდა. როგორც წესი, დაგროვილი პრობლემები ბიზნესში 2-3 თვის შემდეგ უფრო აქტიურად აისახება, ვიდრე იმ მომენტისთვის. სენსიტიურობის თემა, რაც სარეკლამო კომპანიებზე აისახება, ეს არის იმ მომენტისთვის, რაღაც კამპანიების შეჩერება. თუ ბიზნესს ეწყება პრობლემა, ის იწყებს მთლიანი ხარჯების ოპტიმიზაციას და პირველ რიგში, აქ დგება სარეკლამო ხარჯები. სარეკლამო ბიზნესის დიდი ნაწილი მედიაში მიდის. დღეს რაც შეიძლება ინახავდეს, ასე თუ ისე, თავისუფალ მედიას რეკლამებით შემოსული თანხებია. ყველაფერი საბოლოო ჯამში ნელი ეფექტით ერთმანეთზე გადაბმულია, თუ რამე ხდება ქვეყანაში, რაღაც პრობლემაა და რეალურად ეკონომიკას ექმნება პრობლემები, ეკონომიკურ მდგრადობას ექმნება, ინვესტიციების მოზიდვას ექმნება პრობლემები, ამ შემთხვევაში ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ბევრ პრობლემას ქმნის.’’- განაცხადა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში დიმიტრი ტიკარაძემ.
სააგენტო ,,კლიპარტის’’ დამფუძნებელი აცხადებს, რომ არასტაბილურ ვითარებაში ბიზნესის მხრიდან სიფრთხილე გასაგები და მოსალოდნელია, თუმცა შექმნილმა ვითარებამ უფრო მეტად საერთაშორისო დამკვეთები დააფიქრა. დიმიტრი ტიკარაძის განმარტებით, ამ პერიოდში ბიზნესმა გრძელვადიანი პროექტების განხორციელება გააგრძელა, ხოლო წინასაახალწლო სარეკლამო კამპანიები შეამცირა.
,,რამდენიმე საერთაშორისო დამკვეთი გვყავს და მათი ეს სიფრთხილე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ქართული კომპანიების. რჩევებით მოდიოდნენ ჩვენთან. გვეკითხებოდნენ რა ვქნათ? გავაგრძელოთ კამპანიები? მიმდინარე კამპანიები ჩვენი რჩევით გააგრძელეს. თუმცა, საახალწლო თემატიკა და განსაკუთრებული აქტივობა აღარ შეინიშნებოდა. იყო მიმდინარე აქტივობები, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, რომელიც სამომავლოდ კეთდება. არ კეთდება დღევანდელობისთვის მარტო. სამომავლო და გრძელვადიანი აქტივობები, რომელიც ემსახურება გრძელვადიანად დაგროვებას მათი იმიჯის და ფიცრულ რეიტინგებს ამაზე არ გაჩერებულან. მაგრამ ისეთი, რაც ერთჯერადი და კამპანიური ხასიათის არის, მწირი იყო.’’- აღნიშნა ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში დიმიტრი ტიკარაძემ.
სააგენტო ,,კლიპარტის’’ დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბიზნესი ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევა, რადგან ის გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი პერსპექტივის გაზომვით იღებს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი ბევრი პროექტი შეჩერდა, ნაწილი კი გადაიხედა იმის დასადგენად განხორციელდეს თუ არა.