„მშენებლობაში არმატურას ერთ-ერთი სერიოზული როლი ენიჭება. ჩემი ვარაუდით, თუ არმატურის ფასი პირობითად, 10%-ით გაიზარდა, ეს 1 კვ მეტრი შავ კარკასს, 2-3 %-ით გააძვირებს“,- ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პლიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმპორტირებული არმატურა 26%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული ერთი ტონა არმატურა 420 ლარით (დღევანდელი კურსით 148 დოლარი) დაიბეგრება.
გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება. 2024 წელს არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე საშუალოდ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მისი ღირებულება ტონაზე 718 დოლარამდე გაიზრდება.
„ფასის მატება ასე დამოუკიდებლად არ ხდება სამშენებლო სექტორში. ბინის 1 კვ.მ შედგება დაახლოებით, 500 დასახელების სხვადასხვა პროდუქციისგან, რომელსაც სამშენებლო სექტორი არ აწარმოებს და ყიდულობს. დაწყებული ლურსმნიდან, დამთავრებული ელექტროგაყვანილობით. ამ 500 დასახელების პროდუქტს კომპანია რომ ყიდულობს, იმას ვიღაც აწარმოებს ან შემოაქვს. თუ აქ ფასები იზრდება, შემდეგ პროპორციულად ისახება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესის გაძვირება, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე საერთო ფასების ზრდას.
მშენებლობაში არმატურას ერთ-ერთი სერიოზული როლი ენიჭება. ჩემი ვარაუდით, თუ არმატურის ფასი პირობითად, 10%-ით გაიზარდა, ეს 1 კვ.მ შავ კარკასს, 2-3 %-ით გააძვირებს. ცხადია, ეს მაშინვე არ აისახება, არსებობს მარაგები, მაგრამ როდესაც ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება, ახალი ფასებით დაითვლის.
1990 წელს დავაფუძნეთ, კოოპერატივი და იმის მერე მე ამ სფეროში ვმუშაობ. რაღაც გამოცდილება 1989 წლიდან დამიგროვდა, სულ ჩემი სპეციალობით ვმუშაობ და ამ პერიოდიდან ერთი მომენტი დამისახელეთ, რომ უძრავი ქონება გაიაფდა. გამორიცხულია, იყო ომი, სამაჩაბლოსი, ოსეთის, შეიცვალა საბჭოთა მანეთები, რუბლები, კუპონები, დოლარები, ლარები, რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, დამოუკიდებლობის პერიოდი, გადატრიალება, შევარდნაძის პერიოდი, ანუ, ამდენი ქარტეხილი გავიარეთ, ბინა როდისმე გაიაფებულა?! გამორიცხულია“,- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.