„მნიშვნელოვანია ის, რომ წყლის ტარიფის მომატებასთან ერთად მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაც. ჩვენი შეფასებით, ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს და ამიტომ, პურის ფასი არ შეიცვლება“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ძირითად ნედლეულზე, ფქვილზე ფასის სტაბილურობის გამო, პურის არსებული ფასებიც შენარჩუნდება და ცვლილებები მოსალოდნელი იქნება მხოლოდ ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით. 

„ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გააჩნია ინფლაციური პროცესები როგორ წარიმართება. ჩვენი ძირითადი ნედლეული ფქვილია, რაზეც ჯერჯერობით ფასი სტაბილურია და ამიტომ პურის ფასიც შენარჩუნდება“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.