ბრიტანული ყავის სახლების ქსელი Costa Coffee თბილისში ფართოვდება და ამ დროისთვის უკვე სამი ფილიალით არის წარმოდგენილი. კერძოდ, პირველი ფილიალი ილია ჭავჭავაძის 10 ნომერში მაისში გაიხსნა, რასაც ზაფხულში ორი ახალი ლოკაცია დაემატა - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის 14 ნომერში და Axis Towers-ის ბიზნეს ცენტრში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია Sarda Group-ი, პარტნიორთან ერთად.

როგორც Costa Coffee-ს წარმომადგენლებმა bm.ge-ს განუცხადეს, შემოდგომაზე დაგეგმილია კიდევ ერთი ფილიალის გახსნა საბურთალოს City Mall-ში, ხოლო გაფართოების პროცესი მომდევნო წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

„როგორც Costa Coffee-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ჩვენს პარტნიორთან ერთად, მიზნად დავისახეთ საერთაშორისო ბრენდის მაღალი სტანდარტის პროდუქტის ხელმისაწვდომობა ქართულ ბაზარზე2025 წლის ბოლომდე Costa Coffee თბილისში ოთხი ლოკაციით იქნება წარმოდგენილი. მომდევნო წელს კი დაგეგმილია ახალი ფილიალების გახსნა, რაც მის აქტიურ გაფართოებასა და მომხმარებელთან კიდევ უფრო დაახლოებას განაპირობებს.

Costa Coffee-ში განსაკუთრებით აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხს, არამედ კომფორტულ გარემოსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს. სწორედ ეს წარმოადგენს Costa-ს წარმატების მთავარ საფუძველს – თითოეულ ფინჯანში იგრძნობა ბრენდის გამოცდილება და უნიკალური ბლენდის ხელწერა, ხოლო ინტერიერის დიზაინი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა უზრუნველყოფს ისეთ ატმოსფეროს, სადაც სტუმრები სიამოვნებით ბრუნდებიან“,- აღნიშნავენ Costa Coffee-ს წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად Costa Coffee-ში 25 ადამიანია დასაქმებული და პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა.

Costa Coffee ყავის სახლების გლობალური ბრენდია, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ოპერირებს. Costa Coffee-ის ისტორია 1971 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა ძმებმა  ბრუნო და სერხიო კოსტამ ლონდონში პატარა ყავის ქარხანა დააარსეს. Costa Coffee მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ყავას, მრავალფეროვან ცხელ და ცივ სასმელებს, დესერტებსა და ლანჩ მენიუს.

bm.ge