ზემო აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. „ამბასადორ გოდერძის“ გენერალური მენეჯერი ირაკლი მამფორია ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით უკეთეს სეზონს ელოდებიან. ვარაუდის საფუძველს კი მათ არსებული ჯავშნების რაოდენობა აძლევთ.
,,წინასწარი ჯავშნები რაც არის, შეფარდებას თუ გავაკეთებთ შარშანდელთან შედარებით უკეთესი სეზონი ჩანს ჯერჯერობით. დამსვენებლები გვყავს და სასტუმრო მთლიანად სავსეა. საახალწლო პერიოდში ყველა ნომერი გაყიდულია. 30 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მთლიანად სავსეა სასტუმრო. დანარჩენ პერიოდზე აქტიური ჯავშნები მოდის და გაყიდვები ამ პერიოდზე 30-40%-ია. ჯავშნების გაუქმების შემთხვევებიც იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი არა.’’- აცხადებს ირაკლი მამფორია.
სასტუმრო „ამბასადორ გოდერძი“ წელს დამსვენებლებს ახალ სერვისებს სთავაზობს. მათ შორის არის გარე ჯაკუზები, საკონფერენციო დარბაზი და გასაქირავებელი სათხილამურო ახალი ეკიპირება. სასტუმრო ამ სეზონზე მეორე შენობის გახსნასაც გეგმავდა, თუმცა სარემონტო სამუშაოები დროში გაიწელა. მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
,,ვარემონტებთ მეორე შენობას. რემონტის დასრულება ვერ მოვასწარით, რომ გაგვეშვა დამატებით 100 ნომერი. ჯამში 280 ადამიანის მიღება შეგვიძლია ამ შენობაში. მეორე შენობა რომ დაგვემატება, იქ დამატებით 250-მდე დამსვენებლის მიღებას შევძლებთ. ვფიქრობთ, იანვრის ბოლოს ვერ მოესწროს გახსნა. ჩვენ გვინდა, რომ მალე გავხსნათ. ვინაიდან მთა არის და ცოტა რთულია ლოგისტიკურად, განსაკუთრებით, როცა დიდი თოვლი მოდის. ზემო აჭარა ცნობილია უხვი ნალექით და ცოტა ჭირს ლოგისტიკურად. გვინდა რომ გავხსნათ იანვრის ბოლოს, თუმცა ვნახოთ.’’- აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ირაკლი მამფორია.
მეორე შენობის გახსნის შემდეგ სასტუმრო ზამთრის სეზონზე დამატებით 140 თანამშრომელს აიყვანს. გენერალური მენეჯერი ირაკლი მამფორია განმარტავს, რომ ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესი ჯერ არ დაუწყიათ, რადგან არ იციან, როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ფასი შარშანდელთან შედარებით არ გაძვირებულა და სასტუმრო „ამბასადორ გოდერძი“ დამსვენებლებს უცვლელი ფასით გაუწევს მომსახურებას.