წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში სტუმრობისას განაცხადა.

„ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა მოცვის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის აქტიური სეზონია. წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის. მომავალ წლებში ეს მაჩვენებლები მზარდი იქნება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ფერმერებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

შპს „აგროველის“ დამფუძნებლის ირაკლი ფირცხალაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო იმისათვის, რომ მათი საქმიანობა განვითარებულიყო.

შპს „აგროველი“ 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს; კომპანია 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. აქტიურად მიმდინარე კრეფის პროცესის პარალელურად, მოცვი ექსპორტზე გადის სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მათ მიერ, ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულია 55 ტონა მოცვის ექსპორტი. პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი, 300 დასაქმებულია.