გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. წელს ფესტივალი 546 მეღვინესა და მეწარმეს გააერთიანებს.  კახეთის მთავარ მოვლენას, რომელსაც 9 წლიანი ისტორია აქვს, მეღვინეობის ქალაქი  11 ოქტომბერს უმასპინძლებს. ღონისძიება ტრადიციულად, გურჯაანში,  ახტალას პარკში 14:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალი  სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, როემლსაც  სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესაძლებლობებით სავსე პლატფორმაა, სადაც ერთიანდება ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე ტურისტული გამოცდილება. იგი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს ღვინის, როგორც ეროვნული ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალი ხაზს უსვამს კახეთის ღვინის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, რაც ქვეყნის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ასევე, IWSC  wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. დამსწრეებს ადგილზე მოსვლისას შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სასმელი,“ - აღნიშნავს გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი. 
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია. 
გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი - მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები: m², bოლერო, გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი, ბორჯომი, ბაკურიანი.
მხარდამჭერები: სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფესტივალის პარტნიორები: IWSC და ჯეპრა

მასპინძელი: გურჯაანის მერია

ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, , travelnews.ge, რადიო უცნობი.