პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის 10 თეთრიანი გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატებაა. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.

"ფასები დააკორექტირა მხოლოდ ორმა წარმოებამ, ერთი სახეობის პროდუქტზე. ლაპარაკია 10 თეთრზე, ამ 10 თეთრიდან წარმოებას დაახლოებით ალბათ 7 თეთრამდე რჩება. საქმე იმაშია, რომ წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, შარშან საშუალო ფასი 52 ლარი იყო ერთ ტომარაზე, დღეს 60 ლარია დაახლოებით. გარდა ამისა, მუშახელის ხელფასი. ადამიანები რომ ხედავენ ეკონომიკური სიკეთისკენ მიდის საქმე, მცხობელიც ითხოვს ამ ეკონომიკური სიკეთის მიღებას და გვეუბნება, მოგვიმატეთ ხელფასი, გააუმჯობესეთ სამუშაო პირობები. მთელი ისეთი პირობებია, რომელიც წარმოებას ასე ვთქვათ აძლევდა იმის საფუძველს, რომ ფასი შეეცვალათ. არის პრეცედენტები, როდესაც ფქვილის ფასი იკლებს, ფასიც დაკლებულია, ამიტომ მე მინდა მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდეს, იმიტომ, რომ ახლა პურის ფასი სტაბილურია საქართველოში, განსაკუთრებით მასიური ასორტიმენტი. მესმის თითოეული კაპიკი მოსახლეობისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომელიც წარმოებას სჭირდება ამ პროდუქციის.

პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს სხვა პროდუქტებთან შედარებით. ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ერთი ბოთლი წყალი 1.8 ლარი ღირს და პური 1.2-1.3 ლარი. აქ ხუთ თეთრზე [მატებაზე] საუბარი უბრალოდ უხერხულიც არის",- ამბობს მალხაზ დოლიძე.

მისივე თქმით, თბილისში დღეში 400 ტონამდეა პურპროდუქტების მოხმარება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 700 000 ტონა.

bm.ge