სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი- Kia Corp პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაწესებულმა საბაჟო ტარიფებმა 2025 წელს 3,3 ტრილიონი ვონით (დაახლოებით 2,3 მლრდ დოლარი) დააზარალა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მეოთხე კვარტალში ტარიფების საერთო ოდენობამ დაახლოებით 1 ტრილიონი ვონი შეადგინა, რამაც ოპერაციული მოგება წლიურად 32%-ით - 1,8 ტრილიონ ვონამდე შეამცირა.
Kia-ს ფინანსურმა დირექტორმა კიმ სინ ჯუნმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც 1 ნოემბრიდან ტარიფები 25%-დან 15%-მდე შემცირდა, კომპანიამ სრულ სარგებელს ვერ მიაღწია, რადგან აშშ-ში არსებული მარაგებისთვის უფრო მაღალი ტარიფი უკვე გადახდილი ჰქონდა.
Bloomberg-ის შეფასებით, ტარიფების გარდა, Kia-ს დამატებით ზეწოლას უქმნის მოთხოვნის გაურკვეველი პერსპექტივა - განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა მთავარ ბაზრებზე ნელდება, ხოლო ჩინელ მწარმოებლებთან კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება.
არსებული გამოწვევების ფონზე, ინსაიდერული წყაროს ინფორმაციით, Hyundai Motor Co და Kia Corp ავტომობილების ერთობლივი გაყიდვების ზრდას 3,2%-ით, 7,51 მილიონ ერთეულამდე გეგმავენ.