კერძო სექტორის შემოსავლები საშუალო წლიურად იზრდებოდა 12.7%-ით 2010-22 წლებში, რაც განპირობებული იყო როგორც მოსწავლეების, ასევე სწავლის საფასურის ზრდით. თუმცა, ზრდა შენელდა 2021-22 წლებში, რაც აიხსნება პანდემიის დროს მოსწავლეთა საჯარო სკოლებში გადინებით. ინფორმაცია განათლების სექტორის შესახებ Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.

კერძო სკოლებში სწავლის წლიური საფასური მერყეობს 1,000-20,000 ლარს შორის. გამოკითხული სკოლების უმრავლესობაში (36.9%) წლიური გადასახადი 2,500-5,000 ლარს შეადგენს.

ზრდის მიუხედავად, საქართველოში კერძო განათლების სისტემა კვლავ ფრაგმენტულია - მხოლოდ 11 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და მათი წილი ბაზრის 21.0%-ს შეადგენდა 2022-23 წლებში (15.2% 2019/20 წლებში). კერძო სკოლების 62.3%-ს ჰყავს მხოლოდ 250-მდე მოსწავლე (ძირითადად საქართველოს რეგიონებში).

ტოპ-15 კერძო სკოლის მომგებიანობის მარჟები მაღალი დარჩა პანდემიის მიუხედავად. მეტიც, ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ გამოიწვია საოპერაციო ხარჯების შემცირება. შედეგად, ებიტდა (EBITDA) და წმინდა მოგების მარჟა გაიზარდა, 2020-21 წლებში. აღსანიშნავია, რომ პერსონალის ხარჯები შეადგენს შემოსავლების დაახლოებთ 50-55%-“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, კერძო სკოლებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი 18.2 მლნ ლარი „ევროპულ სკოლას“ აქვს, მეორე ადგილზე 14.1 მლნ ლარით „ახალი სკოლაა“, მესამეზე კი „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“ 13.9 მლნ ლარით.