„თოლიას“ (შპს „ქართუ-უნივერსალს“), რომელიც ნაყინის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში, ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა მიმოიხილა.
კომპანიამ 2021 წელს რეკორდულ შემოსავალს, 50.1 მლნ ლარს მიაღწია და წლიური ბრუნვა 14%-ით გაზარდა. ეს მაშინ, როდესაც 2018-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად 7%-ით იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველ წელს კომპანიამ შეძლო შემოსავლების შენარჩუნება და მცირე ზრდაც დააფიქსირა (+0.7%) 2019 წელთან შედარებით.
„შეინიშნება საერთო მოგების მარჟის (gross profit margin) შემცირების ტენდენცია. თუ 2018 წელს 59%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებდა, 2021-ში ეს მაჩვენებელი 50%-მდე ჩამოვიდა, რაც შესაძლებელია განპირობებულია კონკურენციის ზრდით როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისგან, ასევე იმპორტიორებისგან.
საოპერაციო ხარჯებმა ₾22 მილიონი შეადგინა, რაც შემოსავლების 44%-ს წარმოადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში სტაბილურად 42%-45%-ის ფარგლებში მერყეობდა. საოპერაციო ხარჯების ორი ძირითადი კომპონენტია ხელფასები და მიწოდების ხარჯები.
2021 წელს თანამშრომელთა ხელფასის დანახარჯებმა ₾9.5 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი საოპერაციო ხარჯების 43%-ს წარმოადგენს, ხოლო მიწოდების ხარჯებმა ₾4.1 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი საოპერაციო ხარჯების 18%-ს წარმოადგენს.
კომპანიის EBITDA-მ ₾5.4 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 10.8%. საერთო მოგების მარჟის შემცირებასთან ერთად, კომპანიის EBITDA მარჟაც შემცირდა 2018-2021 წლებში. შედარებისთვის, EBITDA მარჟა 2018, 2019 და 2020 წლებში იყო 22%, 13% და 15% შესაბამისად.
წმინდა მოგებამ ₾2.6 მილიონი შეადგინა, წმინდა მოგების მარჟამ კი 5.2%“, - აღნიშნულია ანგარიშში.
2014 წლიდან კომპანია ფოკუსირებულია დივიდენდების გაცემაზე, კომპანიაში რეინვესტირების ნაცვლად. 2021 წელს კომპანიის Unlevered Free Cash Flow-მ ₾1.8 მილიონი შეადგინა, დივიდენდის მოცულობა კი ₾2.7 მილიონი იყო, რომლის გაცემაც მოხდა ნასესხები სახსრების ნაწილით. დივიდენდები წლების მიხედვით ასე ნაწილდებოდა: 2016: ₾0.6 მილიონი; 2017: ₾1.6 მილიონი; 2018: ₾2.4 მილიონი; 2019: ₾2.3 მილიონი; 2020: ₾3.2 მილიონი; 2021: ₾2.7 მილიონი; 2022 (იანვარი-სექტემბერი): ₾1.6 მილიონი.
„თოლიას“ ბაზრის ლიდერობაში დიდი როლი ითამაშა საკუთარი სანაყინე ქსელის განვითარებამ, რომელიც ხელს უწყობს როგორც შედარებით მაღალი მარჟით ოპერირებას, ასევე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას. ნაყინის გაყიდვების სეზონურობიდან გამომდინარე, პორტფელში გაყინული ნახევარფაბრიკატების დისტრიბუციის დამატებაც ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა კომპანიის ზრდაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
„თოლია“ ოპერირებს 1996 წლიდან და ამჟამად 60-მდე დასახელების ნაყინს აწარმოებს. ნაყინის წარმოებასთან ერთად, კომპანია ზამთრის პერიოდში ახდენს ნახევარფაბრიკატების (გაყინული პელმენი, ხინკალი და სხვა ხორცპროდუქტები) დისტრიბუციას. ნაყინის წარმოების კუთხით „თოლია“ ოპერირებს ორი ძირითადი მიმართულებით: ინდუსტრიული ნაყინის წარმოება, რომლის რეალიზაციაც ხდება სხვადასხვა ქსელურ თუ დამოუკიდებელ საცალო სავაჭრო ობიექტებში და საკუთარი სანაყინე ქსელი.
შპს „ქართუ-უნივერსალი“ ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კომპანია სრულად გადასცა გოგი თოფაძეს. გოგი თოფაძე 2013 წლამდე იყო კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი. შემდგომ კი მფლობელმა დაიწყო კომპანიის წილების გაყიდვა სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და ასევე გადანაწილება საკუთარი ოჯახის წევრებზე. დღესდღეობით კომპანიას ფლობს 25 ფიზიკური პირი, თუმცა არცერთ ცალკეულ პირს არ აქვს 20%-ზე მეტი თანამონაწილეობა, საბოლოო ჯამში საკონტროლო პაკეტი თოფაძეების ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
კომპანიის მფლობელები არიან : 1. გიორგი თოფაძე: 20.0%; 2. ირაკლი თოფაძე: 20.0%; 3. გიორგი თოფაძე: 15.5%; 4. ნიკოლოზ სვანიძე: 5.0%; 5. ვლადიმერ გაწერელია: 4.0%; 6. გიორგი ჭყონია: 4.0%; 7. ზურაბ კოსტავა: 3.0%; 8. ლევან კავლელიშვილი: 2.4%; 9. ვლადიმერ კუხიანიძე: 2.4%; 10. გიორგი გვასალია: 2.4%; 11. ირაკლი კანკია: 2.4%; 12. დავით კიღურაძე: 2.4%; 13. პაატა ქვლივიძე: 2.0%; 14. გიორგი თედორაძე: 2.0%; 15. მარიამ თოფაძე: 2.0%; 16. გიორგი სონღულაშვილი: 2.0%; 17. ეკატერინე ძაგნიძე: 1.0%; 18. ოთარი ჭილაძე: 1.0%; 19. გიორგი თოფაძე: 1.0%; 20. ფატი კაპანაძე: 1.0%; 21. ზაზა ჭილაძე: 1.0%; 22. მარიამ ჩხარტიშვილი: 1.0%; 23. ლევან თოფაძე: 1.0%; 24. მარიამ თოფაძე: 1.0%; 25. ქეთევან ბოლქვაძე: 0.5%.