ნაყინის ოთხი მსხვილი მწარმოებლის, მათ შორის შპს „ქართუ-უნივერსალის“ (თოლია), შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენის“ (ლუკა პოლარე), შპს „ლიდერი XXI“-ს და შპს „აისის“ (გურჯაანის ნაყინი) ფინანსური მაჩვენებლები Finspot-მა შეაჯამა.
ოთხივე კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნაყინის წარმოება და რეალიზაცია. „თოლია“, „ლიდერი XXI“ და „გურჯაანის ნაყინი“ ძირითადად ინდუსტრიულ ნაყინს აწარმოებენ, რომლებსაც სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტებში ყიდიან. „თოლია“ და „ლიდერი XXI“ ასევე ახდენენ გაყინული საკვები ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას.
„ლუკა პოლარე“ კი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ice cream shop-ის ტიპის ობიექტია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და უფრო მაღალი საფასო კატეგორიის ნაყინის რეალიზაციას ახდენს, ვიდრე წარმოდგენილი კონკურენტები.
„წარმოდგენილი კომპანიებიდან 3 მომგებიანია და სოლიდური EBITDA მარჟებით ოპერირებს, თუმცა „გურჯაანის ნაყინი“-ს 2019-2021 წლებში უარყოფითი EBITDA და საოპერაციო მოგება ჰქონდა. „თოლია“-ს შემოსავლები ყველაზე ახლოს მდგომ ნაყინის მწარმოებლის შემოსავლებს 6-ჯერ აღემატება. „თოლიას“ 2021 წლის შემოსავლებმა ₾50 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც განხილული კონკურენტების შემოსავლები ₾3-₾8 მილიონის ფარგლებშია. „თოლიას“ მაღალ წლიურ ბრუნვასთან ერთად, ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი აქვს. 2018-2021 წლებში მას 7.1%-იანი საშუალო წლიური ზრდა (CAGR) ჰქონდა, „ლუკა პოლარე“-ს და „ლიდერი XXI-ს“ კი 6.3% და 5.6% შესაბამისად. „გურჯაანის ნაყინი“ ერთადერთია კონკურენტებს შორის, რომელსაც 2018-2021 წლებში ბრუნვის მოცულობა შეუმცირდა. შესაძლებელია კომპანიამ ვერ მოახერხა სადისტრიბუციო წერტილების ზრდა და საცალო სავაჭრო ობიექტების ათვისება.
სექტორში მონაწილე კომპანიების საერთო მოგების მარჟები (შემოსავალი მინუს თვითღირებულება) ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მაღალი მარჟა „ლუკა პოლარე“-ს უჭირავს (59%), რაც ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. როგორც ყველა კაფის სტილის ობიექტში, მარჟები აქაც მაღალია. „გურჯაანის ნაყინს“ კი ყველაზე დაბალი საერთო მარჟა უჭირავს, რაც სავარაუდოდ განპირობებულია როგორც დაბალ საფასო სეგმენტზე ფოკუსირებით, ასევე პორტფელში სხვა პროდუქციის არარსებობით.
საოპერაციო ხარჯების წილი მთლიან შემოსავალში 44%-50%-ში მერყეობს. გამონაკლისია „ლიდერი XXI“, რომლის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში მხოლოდ 23%-ს შეადგენს. ძირითადი მიზეზი თანამშრომლების საკმაოდ მცირე რაოდენობა (მხოლოდ 22) და შესაბამისად, დაბალი სახელფასო დანახარჯებია. ყველაზე მაღალი საოპერაციო ხარჯების წილი „გურჯაანის ნაყინს“ აქვს, რაც დაბალ საერთო მოგების მარჟასა და მაღალ ლევერიჯთან ერთად, კომპანიის ზარალზე მუშაობის მიზეზია.
საოპერაციო ხარჯების მცირე წილის გამო, „ლიდერი XXI-ს“ ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA/საოპერაციო მოგების მარჟები) აქვს. პირველი სამი კომპანიის აქტივების დაახლოებით 40% სესხით ფინანსდება და ლევერიჯ კოეფიციენტები მისაღებ დონეზეა. „გურჯაანის ნაყინი“ ამ მხრივაც გამონაკლისია და საკმაოდ მაღალლევერიჯიანია. კომპანიის აღებული სესხი 20%-ით აჭარბებს მთლიან აქტივებს და ვერ ახერხებს საკმარისი cash flow-ს გენერირებას სესხზე მომსახურებისთვის.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება: შპს „ქართუ-უნივერსალი“ - ₾10.5 მილიონი. შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“ - ₾0. შპს „ლიდერი XXI“ - ₾1.7 მილიონი. შპს „აისი“ - ₾0.
შპს „ქართუ-უნივერსალის“ მფლობელები არიან: გიორგი თოფაძე: 20.0%, ირაკლი თოფაძე: 20.0%, გიორგი თოფაძე: 15.5%, ნიკოლოზ სვანიძე: 5.0%, 21 ფიზიკური პირი 5%-ზე ნაკლები თანამონაწილეობით: 39.5%.
შპს „ჯი და ჯი ქოოფერეიშენის“ მფლობელია Simon Gross (გერმანიის მოქალაქე).
შპს „ლიდერი XXI“-ის მფლობელებია: ტარიელ კახიძე: 50%, დავით კაშია: 50%.
შპს „აისის“ მფლობელებია: გურამ ბერიკაშვილის სამართალმემკვიდრე: 40%, ჰამლეტი ყაზარაშვილი: 20%, ივანე გარსევანიშვილი: 20%, გია ღვინიაშვილი: 20%.