ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი მიიჩნევს, რომ „თეთრი სია“ არ უნდა გაუქმდეს და ის მაქსიმალურად უნდა დაიხვეწოს.

„ე.წ თეთრი სია ქართული კომპანიების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, რომ კაპიტალთან წვდომა ჰქონოდათ. სახელმწიფომ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ამ სექტორში რისკიანობა შეემცირებინა. შესაბამისად, თუ ამ ინსტრუმენტს გავაუქმებთ, ლოგიკურად აქ რისკიანობა კიდევ  უფრო გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალთან წვდომა შემცირდება და მისი ღირებულებაც გაიზრდება“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.

მისი თქმით, „თეთრი სიის“ გაუქმებით, სექტორმა შეიძლება „შოკი“ განიცადოს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ამას სახელმწიფოც იაზრებს.

„შესაბამისად, ასოციაცია შემოვედით წინადადებით, რომ მოხდეს ამ სისტემის ევოლუცია და არა გაუქმება. პირიქით, „თეთრი სია“ უნდა გადაიქცეს ისეთ მექანიზმად, რომელიც სექტორში რისკიანობას შეამცირებს და კაპიტალის შემოდინების მოტივატორი იქნება. ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ მოხდება ამ სისტემის რეფორმა და, კერძო სექტორის და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა. რაც შეეხება ვადებს, ვიფქრობ, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, რომ „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით მოიხსნას დაძაბულობა, რაღაც გადაწყვეტილებებზე პოზიციები შევაჯეროთ, ხოლო, ევროკოდებზე,ნორმებსა და ფასწარმოქმნის სისტემებზე გადაწყვეტილება, რეალისტურად, საშუალოვადიან პერიოდში მიმაჩნია“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი