სამშენებლო კომპანია „ინსის“ ხელმძღვანელის, ზვიად თოიძის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში „თეთრი სია“ არ უქმდება, თუმცა კრიტერიუმები მკაცრდება; ახალი სისტემა 2029 წლიდან ამოქმედდება.
თოიძის განმარტებით, აქამდე არსებული „თეთრი სია“ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო, რის გამოც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაწევრება, მათ შორის არაკეთილსინდისიერ პირებსაც.
,,თითქმის ყოველ კვირა ვხვდებით სახელმწიფოს წარმომადგენელს და გვაქვს დისკუსია, რაც ძალიან მისასალმებელია. საბოლოო ჯამში, დისკუსიებმა შედეგი გამოიღო და კომპრომისს ნამდვილად მივაღწიეთ.
„თეთრი სია“, როგორიც არსებობდა, მართლა არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, მარტივი კრიტერიუმები ჰქონდა და თითქმის ნებისმიერს შეეძლო გაწევრიანება. მესმის სახელმწიფოს პოზიციაც, რომ ვიღაცები ამას არაკეთილსინდისიერაც იყენებდნენ და შესაბამისად, საჭირო იყო გადახედვა.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია დარჩება ისევ ისე, როგორც მინისტრმა თქვა. საუბარია საავანსო გარანტიაზე, კერძოდ, თუ აქამდე კომპანიებს 50% მიჰქონდათ, 2026 წლიდან 60% მოუწევთ. 2027 წლიდან იქნება 70%, 2028 წლიდან 80%, ხოლო როგორ მოხდება 2029 წელს, აღარ თქმულა. ამ 3 წლიან გარდამავალ პერიოდში, აუცილებელია, სამშენებლო კომპანიები ფინანსურად ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ მათი სუბსიდირება საჭირო აღარ იყოს.
„თეთრი სია“ რომ გაეუქმებინათ, შედეგი იქნებოდა ის, რომ უამრავ დაანონსებულ პროექტს ქართული კომპანიები უბრალოდ ვერ შეასრულებდნენ“,- აღნიშნა სამშენებლო კომპანია „ინსის“ ხელმძღვანელმა, ზვიად თოიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.