რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლები და კურიერები აქციას მართავენ. ისინი აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობის გამართვასაც გეგმავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები შემდეგია: „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესება, დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეგულაციების დაწესება კომპანიებისათვის ყველა მხარის ჩართულობით, სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა უშუალოდ ტაქსის მძღოლების და კურიერების ჩართულობით, შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაწევა კომპანიების მხრიდან“.
პროტესტისთვის შეკრებილი მძღოლების მიზანია კაბალურად გაზრდილი საკომისიო.
"ძალიან რთულია ქართველი მძღოლებისთვის საქართველოში ყველა შეკვეთიდან 22%-იანი საკომისიო. ასევე, მძღოლების დიდი უმრავლესობა გულისტკივილს გამოთქვამს, არაქართულენოვანი მძღოლების მატებასთან დაკავშირებით. ეს არის მარტივად მოსაგვარებელი, სურვილის შემთხვევაში. უბრალოდ, მგზავრის აპლიკაციაში დაამატონ ფუნქცია - ქართულენოვანი მძღოლის და არაქართულენოვანი მძღოლის, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება აირჩიოს, ვინ მოემსახუროს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ცალმხრივი ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება მძღოლების დაბლოკვა. თუ მგზავრი მიაწვდის არასასურველ ინფორმაციას, ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმიტომ, რომ აპრიორი მგზავრი ყოველთვის მართალი ვერ იქნება, ისევე როგორც მძღოლი. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
წყარო: ipn.ge