თბილისში სასტუმრო Griffin-ი ქალაქის ძველ უბანში  გაიხსნა. როგორც სასტუმროს გახსნის მენეჯერი ნატალია სოხაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, სასტუმროს მშენებლობისთვის 6 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ლოკაციიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები სასტუმროს დიდ უპირატესობას სძენს და საერთაშორისო ტურისტების ინტერესის სფეროს უკვე წარმოადგენს.

"სასტუმროს მშენებლობა  2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში სატესტო რეჟიმში გაიხსნა. ის სტანდარტული ოთახების გარდა სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის ოთახებს სთავაზობს, როგორიცაა: ბიუჯეტური ოთახი სოლო სტუმრებისთვის, ე.წ. ტრიპლი - სამ ადგილიანი ოთახები, 4 სტუმარზე გათვლილი საოჯახო ოთახები, რომელიც 4 პერსონაზეა გათვლილი და 2 ოთახისგან შემდგარი ლუქსი, სამზარეულოთი და ცალკე საძინებლით, რომლის ტერასიდანაც ქალაქის ავთენტიკურობა საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს.

ჯერ სულ ორიოდე კვირაა სასტუმრო გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სეგმენტი მრავალფეროვანია. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებს ბიზნეს კლასიც, ოჯახებიც, სოლო მოგზაურებიც და წყვილებიც", - აღნიშნავს ნატალია სოხაძე.

ცნობისთვის, სასტუმრო Griffin-ი თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ჯამში 18 კეთილმოწყობილ ნომერს მოიცავს. სასტუმროს პროექტი შპს "მონარქი ჯგუფმა" "თიბისი ბანკთან" პარტნიორობით განახორციელა.  პროექტში 100%-ით ქართული კაპიტალი ჩაიდო.

bp.ge