თბილისში Rooms Bakery-ის პირველი ობიექტი მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ამის შესახებ „რუმსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Rooms Bakery-ის ობიექტები სხვადასხვა დიდ ქალაქშიც გაიხსნება და პროექტის ინვესტიცია ჯამში 1,5 მლნ დოლარი იქნება.

„აქტიურად ვმუშაობთ Bakery-ის მიმართულებით, რომელიც იქნება ბევრი - არამარტო თბილისში, არამედ გვინდა, რომ სხვადასხვა ქალაქშიც შევიდეთ. ბათუმში აუცილებლად იქნება, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, სადაც ვფიქრობთ, რომ მაღალი ხარისხის პურზე, კრუასანზე და სხვადასხვა საცხობის პროდუქციის მიმართულებით არის მოთხოვნა. ჩვენ მოწვეული გვყავდა კოპენჰაგენიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეული, რომელსაც აქვს საცხობი კოპენჰაგენში.

მასთან ერთად ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები, ასევე გავაგზავნეთ კოპენჰაგენში და ადგილზე გადამზადნენ. ყველა ჩვენი ობიექტი ძალიან მაღალი ხარისხის ფქვილით გაკეთებული კრუასანით, პურით და სხვადასხვა სასაცხობე მიმართულების პროდუქტით მარაგდება, თუმცა მარტის ბოლოდან თბილისში პატარა ობიექტებიც ეტაპობრივად გამოჩნდება. ამ პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 1,5 მლნ დოლარი იქნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება. მაგალითად, ბათუმში გვინდა, რომ ზაფხულში გამოჩნდეს ასეთი ტიპის პატარა ობიექტი, უკვე ვეძებთ ადგილს სად შეიძლება ჩვენი სასტუმროს გარდა, რომ კიდევ სხვაგან იყიდებოდეს“, - განაცხადა ჩეხერიამ.

შეგახსენებთ, „რუმს ჰოტელი“ "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.