ანძის მოდერნიზების პროექტშია ჩართული ინვესტორი კომპანიის Kass Group-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია მუნიციპალიტეტის მხრიდან სამშენებლო ნებართვაზე პასუხის მოლოდინშია. "საქმის კურსში" სტუმრობისას ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, რომ ნებართვის მიღების შემდეგ მათ 2.5-წლიანი ვადა აქვთ, რომ ადგილზე ვიზიტორთა ცენტრი და მაღალი კლასის პანორამული რესტორანი მოაწყონ.

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები ანონსიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, 2027 წელს დასრულდება - ამის შესახებ ვიცე-მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე გასულ კვირას ისაუბრა.

ეკა თორდიას თქმით, პროცესების გაჭიანურება თავად პროექტის სირთულემ განაპირობა, რადგან მუნიციპალიტეტის ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ თბილისის ანძის ავთენტიკური იერსახის შენარჩუნება მომხდარიყო და პროექტი ისე განხორციელებულიყო.

“პროექტირების ეტაპი ცოტა გაგვიხანგრძლივდა იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სტრუქტურებმა, ყველამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ეტაპი. პირველი, ეს იყო ანძის ავთენტიკურობის შენარჩუნება და ამან განაპირობა გარკვეული სხვადასხვა ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების ჩართვის საჭიროება, რადგან მათი რეკომენდაციების გათვალისწინება იყო აუცილებელი. დღეის მდგომარეობით, საბოლოო პროექტი ჩამოყალიბებულია. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც უკვე სამშენებლო ნებართვის გაცემის წინაპირობაა და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ დღე და ყოველ წუთს ველოდებით უკვე, რომ გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

ჩვენ ადგილზე შევქმნით საინტერესო ვიზიტორთა ცენტრს, საიდანაც სტუმრები შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ხედებით ჩვენს დედაქალაქზე. მართლაც საოცრად შთამბეჭდავია ჩვენი დედაქალაქის ლანდშაფტი ანძის იმ ნიშნულიდან, სადაც მოვაწყობთ ასეთ ტურისტულ გადმოსახედს და აგრეთვე გვექნება პრემიუმ კლასის რესტორანი, სადაც შეძლებენ ჩვენი სტუმრები დროის გატარებას და ეს პროექტი ნამდვილად იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი, ინოვაციური, განსხვავებული და შთამბეჭდავი ადგილი ყველა სტუმრისთვის.

ნებართვის გაცემიდან ჩვენ მშენებლობის დასრულებისთვის 2.5 წელი გვექნება, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, რომ მშენებლობის პროცესი უფრო მოკლე ვადებში განვახორციელოთ, ვინაიდან პროექტზე იმდენი ვიმუშავეთ, რომ გვაქვს ჩვენი გარკვეული ორგანიზების და ვადების გარკვეული გეგმა, რომელსაც მივყვებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაანონსებულ 2027 წელს ჩვენ ყველა უკვე ამ ინფრასტრუქტურით ვისარგებლებთ და ეს პროექტი ოპერირებაში გაეშვება”, - ამბობს Kass Group-ის გენერალური დირექტორი ეკა თორდია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია, როდესაც, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით, შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. ინვესტორ KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ს თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

ეკა თორდია არ გამორიცხავს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება გაიზარდოს, რომელიც ცნობილია მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ გახდება.