„გამოწვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ლოჯისტიკა. იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სეზონზე არსებულ მოცვის რაოდენობას პრაქტიკულად ვერ ერევა“, - ამის შესახებ კომპანია „აგროლეინის“ დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა „კომერსანტთან“ მოცვის სეზონის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატივა ქუთაისის აეროპორტია. მთავრობისგან ყოველ წელს იღებენ დაპირებას, რომ ქუთაისში საბაჟო ტერმინალი შეიქმნება და კარგო ფრენები დაინიშნება, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოხერხდა.
„გამოწვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ლოჯისტიკა. იმიტომ, რომ თბილისის აეროპორტი პრაქტიკულად ვერ ერევა იმ მოცულობას, რომელიც არის სეზონის დროს. არ არსებობს კარგო ფრენები და ჩვენ გვიწევს მხოლოდ სამგზავრო ფრენებით ტვირთის გაგზავნა იმიტომ, რომ რაოდენობაში ვიზღუდებით. ალტერნატივა არის ქუთაისის აეროპორტი. მთავრობა ყოველ წელს გვპირდება, რომ მომავალ წელს შეიქმნება ქუთაისში საბაჟო ტერმინალი და დაინიშნება კარგო ფრენები. მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
„აგროლეინის “ დირექტორი სეზონს დადებითად აფასებს. მისი თქმით, კომპანიას მოცვის 80% ექსპორტზე გააქვს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი გალფის ქვეყნებია.
„ჩვენი საწარმო, როგორც კოოპერატივი ისე მუშაობს. რამდენიმე კომპანიის მოცვს ვიღებთ, ამის დაფასოებას ვახდენთ და 80% გაგვაქვს ექსპორტზე. ძირითადი საექსპორტო ბაზარი გალფის ქვეყნებია, ვაწვდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ასევე. ყიდით სომხეთში, რუსეთშიც, პოლონეთშიც, საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარი გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, გალფის ქვეყნებში ფასი სტაბილურია, რადგან კონტრაქტებს მთელი სეზონისთვის ერთ ფასზე აფორმებენ და პირდაპირ სუპერმარკეტებს აწვდიან მოცვს.
„გალფის ქვეყნებში ფასი 8-9 $-მდეა ფასი. ფასი ყოველთვის სტაბილურია, რადგან კონტრაქტებს ვაფორმებთ მთელ სეზონზე ერთ ფასზე და პირდაპირ სუპერმარკეტებს ვაწვდით მოცვს. ფასის პრობლემას ქმნის რუსეთის ბაზარი, მაგრამ ჩვენთვის რუსეთში საექსპორტო წილი მაქსიმუმ 20%-ია, რაც ჩვენზე არ აისახება. ჩვენთვის რუსეთის ბაზარი არ არის პრიორიტეტული“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.