თამბაქოზე აქციზის ზრდის შედეგად სიგარეტი შესაძლოა, 30-40 თეთრით კიდევ გაძვირდეს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტმა („ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ ყოფილმა კორპორატიულმა დირექტორმა) ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

„კონვენციურ სიგარეტზე აქციზის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სიგარეტების ფასზე, ასევე ელექტრონულ სიგარეტზე. ფასი დამოკიდებული იქნება ბრენდზე და კონვენციური სიგარეტის შემთხვევაში იქნება 30-40-თეთრიანი მატება, ხოლო „აიქოსი“ დაახლოებით 20-30 თეთრით გაძვირდება, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს გარკვეულ შემოსულობებზე.

ის რომ, სახელმწიფო გეგმავს გარკვეული შემოსულობების გაზრდას, სამწუხაროდ, დიდი ნაწილი წავა არა ლეგალურ რეალიზაციაზე, არამედ კონტრაბანდაზე, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის არალეგალურ ბიზნესს, მითუმეტეს იმ პირობებში, რა პირობებშიც არის ქვეყანა.

ზოგადად აქციზის მსგავსი ზრდა სრულიად მიუღებელია, რადგან ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება და ბევრ პრობლემას შეუქმნის ბიზნესს“, - განაცხადა ზვიან სხვიტარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზრდება.

„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ თამბაქოსთან მიმართებით დაწესებულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონმდებლობა. 2016 წლის შემდეგ აქციზზე განაკვეთი არ შეცვლილა. [დაგეგმილი ცვლილებებით] თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული აქციზის განაკვეთი გაიზრდება 20 თეთრით. საუბარია: სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე. ე.წ. „აიქოსთან“ დაკავშირებით, აქ გასახურებელი თამბაქო იგულისხმება, აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზრდება, რაც მომხმარებელთა კლებაზე დადებით კონტექსტში აისახება. ამასთან, საგრძნობლად გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები“, - განაცხადა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ.

ბიზნესპრესნიუსი