„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადი 2019 წლის შემდეგ აღარ გაზრდილა.
რაც შეეხება სიგარეტის ღირებულების ხშირ ცვლილებებს, როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი ბახტურიძემ განმარტა, ყოველ 3 თვეში ერთხელ ინდექსაციას თავად ინდუსტრია ახდენს, ფასს 20-30 თეთრით ზრდის, რის შედეგადაც ადამიანები კიდევ უფრო მეტს იხდიან.
„ეს არის აბსოლუტურად თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციები. ისინი მოგების მარჟას არ ცვლიან, ზოგ შემთხვევაში უმატებენ კიდეც. მთელი ეს რესურსი კი ქვეყნის გარეთ გაედინება, რადგან რამდენადაც ცნობილია, პროდუქციის 80-90% იმპორტირებულია.
თუ გვინდა, რომ მოწევა შემცირდეს, გადასახადი მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ამავდროულად, ყველა ტიპის პროდუქტზე ერთნაირი გადასახადი უნდა დაწესდეს, რადგან მაგალითად, ელექტრო სიგარეტზე გადასახადი 3-ჯერ ნაკლებია“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაზეც საუბრობს. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ელექტრო სიგარეტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2024 წელს ამ პროდუქტის მოხმარება 16 წლის მოზარდებში 2.5-ჯერ არის გაზრდილი.