„სტრადა ჯგუფი“, რომელიც ავტობიზნესში მოღვაწეობის მე-15 წარმატებულ წელს ითვლის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღსანიშნავია, სტრადა ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საიმედო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ჯგუფია, რომელიც ექვს საავტომობილო ბრენდს წარმოადგენს და მათი ოფიციალური დილერია საქართველოს ტერიტორიაზე: FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge, RAM და Chevrolet, თითოეული ავტო ბრენდი უნიკალური ხასიათის, ღირებული ისტორიის და ტრადიციების მატარებელია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წელს ახალი სერვისის მშენებლობა დაასრულა და კიდევ ერთი პოპულარული, ამერიკული, საერთაშორისო ბრენდის Chevrolet-ს ოფიციალური ცენტრი გახსნა საქართველოში.

„ახალი სერვის ცენტრი 1500 კვ.მ ფართობზეა წარმოდგენილი, რომელიც FCA ჯგუფის (FIAT, Jeep, Alfa Romeo, Dodge, RAM ბრენდების მწარმოებელი ქარხნის) თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს. დღევანდელი მონაცემებით ფიზიკურ პირებში განსაკუთრებულად მოთხოვნადია FIAT 500, Alfa Romeo Stelvio, Jeep Grand Cherokee, Jeep Wrangler, Chevrolet Tracker ხოლო კომერციული მიმართულებით FIAT Tipo, Doblo და Ducato“ აცხადებენ კომპანიაში.

2025 წლისთვის დაგეგმილია სრულიად ახალი მულტიბრენული სალონის გახსნა, რომელიც ეფუძნება Shop in Shop პრინციპს, სადაც ყველა ბრენდს თავისი გამოყოფილი სახასიათო სივრცე ექნება, რომელიც ქარხნის უახლეს სტანდარტებს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ „სტრადა ჯგუფთან“ ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „გრადა ჯგუფი“ გახდა, რომელიც სამშენებლო და განვითარების სფეროში წარმატებულ ბიზნეს-კონსოლიდაციას წარმოადგენს. „გრადა ჯგუფი“ აერთიანებს სამ ძლიერ კომპანიას: გრადა დეველოპმენტი, გრადა ქონსთრაქშენი და კომპანია ნიუ ფორსი. ასევე, გრადა ჯგუფმა ახლახან დააფუძნა შპს კვაზარი, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის განვითარება. თითოეული მათგანი საკუთარ მიმართულებაში ლიდერია და ქმნის ინოვაციური, მაღალი ხარისხის და მომხმარებელზე ორიენტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს.

„გრადა ჯგუფი“ მუდმივად ისწრაფვის ახალი სტანდარტების დანერგვისკენ როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხზე, კომფორტსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ პროდუქტებს, რომლებიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„მივესალმებით „სტრადა ჯგუფის“ და „გრადა ჯგუფს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ამ ორ კომპანიას ჰყავს საერთო დამფუძნებლები და მოხარულნი ვართ, რომ მათ მიიღეს BAG-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რადგან ორივე კომპანია მსხვილ ინვესტიციას წარმოადგენს, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ასეთი მსხვილი მოთამაშეები, კიდევ უფრო აძლიერებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორის ინტერესების დაცვის საქმეში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.