შოტლანდიური ვისკი „მაკალანი“, რომელიც მსოფლიოში „ყველაზე მოთხოვნად“ ვისკად ითვლება, შაბათს 18 ნოემბერს, 2,7 მილიონი აშშ დოლარად გაიყიდა, რაც ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელია.

რეკორდულ ფასად გაყიდული „მაკალან 1926“ ერთ-ერთია იმ 12 ბოთლიდან, რომელსაც იტალიელი მხატვრის, ვალერიო ადამის მიერ 1993 წელს შექმნილი ეტიკეტი ამშვენებს. აღნიშნული ვისკი 1986 წელს მხოლოდ 40 ბოთლში ჩამოისხა მას შემდეგ რაც ის 1926 წლიდან შერის კასრებში ძველდებოდა, მათგან მხოლოდ 12-ს ამშვენებდა იტალიელი მხატვრის ეტიკეტი. თავის დროზე კომპანიამ ვისკი გასაყიდად კი არ გაიტანა, არამედ თავის ყველაზე წამყვან კლიენტებს შესთავაზა.

იგივე კასრიდან კიდევ ერთი ბოთლი Sotheby's-მა 2019 წელს თითქმის 1,5 მილიონ ფუნტად გაყიდა , რაც შაბათამდე რეკორდული იყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მხრივ.

„Macallan 1926 არის ერთადერთი ვისკი, რომლის გაყიდვაც ყველა აუქციონერს და რომლის ფლობაც ყველა კოლექციონერს სურს“, - თქვა ჯონი ფაულმა, Sotheby's-ის ალკოჰოლური სასმელების გლობალური ხელმძღვანელმა.