რეგულირებული შეთანხმება - ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონით შემოთავაზებული საკანონმდებლო ნოვაციაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს ფინანსური კრიზისის ადრეულ ეტაპზე გამოიყენოს მორატორიუმის ღონისძიებები და კრედიტორებთან შეთანხმებით დროულად მოახდინოს კომპანიის ფინანსური გაჯანსაღება როგორც კრედიტორების, ისე მოვალე კომპანიის ინტერესების ურთიერთშეჯერების გზით.
რას ნიშნავს რეგულირებული შეთანხმება ?
რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა.
იგი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე შემოღებული ნოვაციაა და კომპანიის ფინანსური კრიზისის ადრეულ ეტაპზე, მისი მოგვარების და ბიზნესის გადარჩენის მარტივ და ეფექტურ გზებს ითვალისწინებს.
მისი მიზანია მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, შენარჩუნება, კრედიტორების ინტერესების დაცვის გზით, რაც გამორიცხავს ამ შეთანხმების ფარგლებში მის ლიკვიდაციას.
რეგულირებული შეთანხმების პროცესის დაწყების საფუძველია მოვალე კომპანიის გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, იგი, განსხვავებით გაკოტრებისა და რეაბილიტაციისაგან, არ წარმოადგენს ე.წ გადახდისუუნარობის რეჟიმს.
აღნიშნული პროცესი საშუალებას აძლევს კომპანიის დირექტორს ნებაყოფლობით გამოიყენოს კომპანიის გაჯანსაღების საშუალება ისე, რომ არ აგოს კომპანიის გადახდისუუნარობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის პასუხი, რადგან კანონის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა, იგი სასამართლოს არ წარუდგენს განცხადებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ამისთვის პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
- რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ ნოვაციას ბიზნესისა და კრედიტორებისთვის ?
აღნიშნული ინსტიტუტი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ეფექტური ნოვაციაა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ბიზნესს, უკვე დამდგარი ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც მოვალე ვეღარ ემსახურება ვადამოსულ ვალდებულებებს, გამოიყენოს საკანონმდებლო რეგულაცია და 4 თვიანი პროცესის ფარგლებში სცადოს კრედიტორებთან ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მას შეაძლებინებს დაარეგულიროს ფინანსური პრობლემები და არიდოს თავიდან გადახდისუუნარობის უფრო მკაცრად რეგლამენტირებულ რეჟიმში შესვლა.
რეგულირებული შეთანხმების პროცესში მოვალე და კრედიტორები ერთად არიან ბიზნესის გაჯანსაღების პროცესში ჩართულები. აღნიშნული რეგულაცია კრედიტორების დაკმაყოფილების პრინციპებზეა დაფუძნებული და შეთანხმება კრედიტორების 75%-ის თანხმობას მოითხოვს, რაც ამ პროცესში მათ არსებით ჩართულობას უზრუნველყოფს.
ეს პროცესი აძლევს დროს კომპანიებს, გამოიყენოს საკანონმდებლო შეღავათის - მორატორიუმის შესაძლებლობა 4 თვის განმავლობაში ისე, რომ მომხმარებლებსა და კრედიტორებთან კავშირის წყვეტის გარეშე მოახდინონ ვალდებულებების რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია და აირიდონ თავიდან ამ უარყოფითი ფაქტორების გასაჯაროება.
მხარეთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ კანონის მიხედვით, რეგულირებული შეთანხმების შედეგად დაცული უნდა იყოს გაკოტრების მინიმუმი, ანუ შეთანხმების შედეგად კრედიტორებმა მინიმუმ იმ ოდენობის დაკმაყოფილება უნდა მიიღონ, რასაც ისინი გაკოტრებისას მიიღებდნენ. ამის კომუნიკაცია და კრედიტორებამდე სწორად მიტანა შეთანხმების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ყველა მხარის საერთო ინტერესების სასარგებლო შედეგს უზრუნველყოფს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაკოტრების მინიმუმის გაანგარიშებისას მოქმედებს ე.წ. წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდი (NPV) - ეს გახლავთ ფინანსური შეფასების სტანდარტი, რომელიც კრედიტორებს აძლევს შესაძლებლობას რეგულირებული შეთანხმების დადებისას თანხის სამომავლოდ მიღებაზე დათანხმებისას, მოითხოვონ გაზრდილი ოდენობა და ამით უზრუნველყონ გადავადებული ანაზღაურებისას მისი ე.წ ფინანსური დანაკარგის/ინფლაციის რისკი. ეს კი რეგულირებულ შეთანხებას კრედიტორებისთვის მიმზიდველად ხდის და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველყოფს.
რეგულირებული შეთანხმების არსებითი უპირატესობაა ისიც, რომ სხვა პროცესებისგან განსხვავებით, ეს წარმოება იძლევა შესაძლებლობას, სასამართლოს გზით მოხდეს მოვალის ანგარიშის გაუმჟღავნებლობა, რაც მეტად დაცულს ხდის როგორც მოვალის, ისე კრედიტორების კომერციული ინფორმაციის საიდუმლოებას და სრულად უზრუნველყოფს მოვალის ბიზნეს საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობას და კრედიტორთა უფლებების დაცვას.
რეგულირებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნიშანია ისიც, რომ განსხვავებით გადახდისუუნარობის რეჟიმისგან, ამ შემთხვევაში არ არის სავალდებულო რეგულირებული შეთანხმება მოიცავდეს მოვალის მთელ აქტივს, არამედ, შესაძლებელია რეგულირების ქვეშ მოექცეს ბიზნესის მხოლოდ ნაწილი და დანარჩენი მთელი ქონება არ დაექვემდებაროს სამოქალაქო ბრუნვიდან ე.წ ამოღებას, რაც, როგორც წესი, რეაბილიტაცია-გაკოტრებისას ხდება.
რეგულირებული შეთანხმების პროცესი, ჩვეულებრივი მორიგების რეჟიმის ან სხვა გადახდისუუნარობის პროცესებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკების პროცესში, 4 თვის განმავლობაში, შესაძლებელია მოქმედებდეს მორატორიუმის ღონისძიებები, რაც ბიზნესზე ფაქტობრივ-სამართლებრივ წნეხს ამცირებს, ინარჩუნებს მოვალის ქონებას და მას შესაძლებლობას აძლევს ეს პერიოდი გამოიყენოს გარიგებების პირობების განახლებისთვის.
კანონის მიხედვით მორატორიუმის ღონისძიებები შემდეგია:
ა) ჩერდება და არ იწყება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები;
ბ) ჩერდება და არ იწყება/არ ვრცელდება ახალი საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა და ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა/გადახდა,
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა.
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა.
თ) არ დაიშვება საპროცესო უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება მოვალის მიმართ არსებული დავების განხილვა, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება
წარმოების წესები
რეგულირებულ შეთანხმებას წარმოების შედარებით მარტივი პროცესი აქვს, ვიდრე გადახდისუუნარობის სხვა რეჟიმის შემთხვევაში გვხვდება.
შეთანხების პროცესის დასაწყებად მოვალე სთავაზობს კრედიტორებს რეგულირებული შეთანხმების დადებას და უგზავნის ამისთვის დასაბუთებულ შეთავაზებას, მოვალემ უნდა დაასაბუთოს შეთანხმების დადების მიზანშეწონილობა და მისი შესრულების რეალური შესაძლებლობის არსებობა.
ზედამხედველის მიერ მოწმდება შეთავაზების კანონთან შესაბამისობა და სასამართლოს წარედგინება შესაბამისი განჩინებისა და მორატოროუმის ღონისძიებების ამოქმედების მიზნით.
საასამართლოს პირველადი განჩინების მიღების შემდეგ იწყება შეთანხმების დამტკიცების პროცესი, რომლის ფარგლებშიც რეგულირებული შეთანხმების პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება კრედიტორთა კრებას.
კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი სასამართლოს წარუდგენს კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების/შედეგების შესახებ ანგარიშს კრედიტორთა კრების ოქმის ასლთან ერთად.
რეგულირებული შეთანხმების შესრულების შედეგად სრულად და საბოლოოდ შესრულებულად მიიჩნევა მოვალის ყველა ვალდებულება, რომლებიც რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების მომენტისთვის არსებობდა და რომლებსაც რეგულირებული შეთანხმება სრულად ან ნაწილობრივ მოიცავდა.
უკვე დამტკიცებულ შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილება და გაგრძელდეს მისი ვადა ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვით.
რეგულირებული შეთანხმება წყდება თუ იგი ვადაში შესრულდა ან არსებითად დაირღვა
ვინ მონაწილეობს რეგულირებული შეთანხმების პროცესში?
- მოვალე, რომელიც არის ამ პროცესის ერთადერთი ინიციატორი. იგი წარმოადგენს შეთავაზებას და მოვალის ანგარიშს შეთანხმების აღსრულებადობის შესახებ და თავადვე აგრძელებს კომპანიის მიმდინარე მართვას ისე, რომ ეს პროცესი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
- პროცესის აუცილებელი მონაწილეებსა და არსებითი გადაწყვეტილების მიმღებს შეადგენენ კრედიტორები. ისინი შეთანხმების პროცესში აქტიურად არიან ჩართული და მათი 75 % თანხმობა სჭირება შეთანხმების დამტკიცებას, საიდანაც 50% უნდა იყოს მოვალესთან არადაკავშირებული კრედიტორი. კანონის ამგვარი რეგულაცია მაქსიმალურად ნეიტრალური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას უზრუნველყოფს, რითაც ყველა მხარის ინტერესების ბალანსის დაცვა ხდება.
უზრუნველყოფილი კრედიტორები ამ პროცესში არ მონაწილეობენ, თუმცა გეგმით მათ არ შეიძლება შეეზღუდოთ უზრუნველყოფის საგნის გასხვისების უფლება ან დაირღვეს მათი უპირატესად დაკმაყოფილების პრინციპი.
- ასევე პროცესის აუცილებელი მონაწილეა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ზედამხედველი. იგი არის ლიცენზირებული პირი, რომელსაც პრაქტიკოსების რეესტრიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ნიშნავს სასამართლო. ზედამხედველი ახორციელებს რეგულირებული შეთანხმების მოლაპარაკებების, დადებისა და შესრულების ზედამხედველობას და კოორდინაციას.
თქვენი კომპანიის საქმიანობის ფარგლებში, რა მიმართულებებზე გიწევთ მუშაობა? ხომ არ გამოყოფდით კონკრეტულად რა პრობლემებზე ეთანამშრომლებით ბიზნეს წრეებს ?
იურიდიული კომპანია GSTlegal ის გუნდი ბაზარზე ბოლო ერთი წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა.
კომპანიის საქმიანობის სფერო ფართოა, რადგან მისი ჯგუფი შედგება გამოცდილი და კვალიფიციური კადრებისგან, რომელთაც დიდი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ სამართლის სხვადასხვა სფეროში და პროფესიულ წრეებშიც დიდი ავტორიტეტით გამოირჩევიან. სწორედ მათი ჩართულობით მიიღწევა ის შედეგი, რაც უზრუნველყოფს მაღალი სტადარტის მომსახურების მიცემას კლიენტებისთვის.
კომპანია ემსახურება არაერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს და მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამართლის არაერთ მიმართულებას, კერძოდ,სამეწარმეო სამართლიდან გამომდინარე დავებს, ასევე კომპანიის დაფუძნებასა და შესაბამის სამართლებრივ უზრუნველყოფას, მათ წარმომადგენლობას ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში, შრომით-სამართლებრივი დავებს, კლიენტებსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არსებულ ურთიერთობებს, საინვესტიციო ბიზნეს გარიგებების მომზადებას და შესრულების კონტროლს, საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციის წარმოებას, სამშენებლო დავებს ა.შ
გუნდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია საიტზე, უახლოეს მომავალში იგეგმება გუნდის შემადგენლობის გაზრდაც.
და ბოლოს რაიმე რჩევით ხომ არ მიმართავდით ჩვენს მსმენელს ?
მნიშვნელოვანია, ბიზნესმა მეტად გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტები. დროული და სწორი რეაგირებით, მოახდინოს გარკვეული ნეგატიური ფაქტორების პრევენცია და მიიღოს იმაზე მეტი ეფექტი, ვიდრე მხოლოდ ბიზნესის ყოველდღიური მართვით მიიღწევა.