კონკურენციის სააგენტომ შპს "ბი ემ ესის" მიერ "ჯორჯიტას" 67%-ის შესყიდვის ნებართვა გასცა.
„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-მდე ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85-მდე კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია.
შესაბამისად, GCCA-ის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციების მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განხორციელებული კონცენტრაციები შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კომპანია "ბი ემ ესი" ჰიგიენური საშუალებების დისტრიბუციის საქმიანობით არის დაკავებული. მისი მფლობელები ბიზნესმენები თეიმურაზ კოკაია და გიორგი გორდაძე ფლობენ, ტავის მხრივ გიორგი გორდაძე „ევექსის“ დირექტორია. რაც შეეხება "ჯორჯიტას", მისი მფლობელია სააქციო საზოგადოება "გეფა" (ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების მფლობელი ჰოლდინგი), რომელიც თავის მხრივ „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგის შემადგენლობაშია.