ბოლო წელიწადში რძის ნაწარმსა და შოკოლადზე ფასის მატებამ საკონდიტრო სექტორი აიძულა საბოლოო პროდუქტის ღირებულება თითქმის გაეორმაგებინა. ფასი გაზრდილია თითქმის ყველა ინგრედიენტზე, რასაც კონდიტერები ტკბილეულის გამოსაცხობად იყენებენ. ,,კომერსანტი“ საკონდიტრო ,,ფუსფუსის“ დამფუძნებელსა და მფლობელს ნათია ყურშუბაძეს ესაუბრა. ის ჩვენთან აცხადებს, რომ განსაკუთრებით გაძვირდა შოკოლადი და მისმა ფასმა ერთ კგ.-ზე 25 ლარით მოიმატა. გაძვირდა კარაქიც, რომლის ფასმა ერთ კგ.-ზე 20 ლარით იმატა.

,,საკონდიტროს მიმართულებით ვადასტურებ, რომ პროდუქტზე არის კატასტროფული ფასნამატი. კარაქი კატასტროფულად გაძვირდა. არარეალური თანხით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ლარზე მეტით გაძვირდა კგ. ასევე შოკოლადი გაძვირდა 25 ლარით. კაკაო გაძვირდა 16 ლარით. ფქვილზე ვერ ვიტყვი, რომ გაძვირდა. ვისაც მოაქვს ჩემთან დისტრიბუციას, ჯერჯერობით ინარჩუნებენ ფასს, რაც ჰქონდათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გაძვირდა არაჟანი. რძის ნაწარმი საკმაოდ. უკვე ხელუწვდენელი ფასებია. უკვე ძალიან მიჭირს ფასების დარეგულირება. მერიდება ჩემი დამკვეთების, თუმცა ესმით და შედიან ჩემს მდგომარეობაში, რადგან თვითონაც ყიდულობენ ანალოგიურ პროდუქტს და ფაქტია, რომ ბაზარზე ხდება ფასების კატასტროფული ზრდა.’’- აცხადებს ნათია ყურშუბაძე.

საკონდიტრო ,,ფუსფუსის“ დამფუძნებელი და მფლობელი ახლა ფიქრობს, რამდენად გააძვიროს ტორტების და ნამცხვრების ფასი. ნათია ყურშუბაძე განმარტავს, რომ ფასის ზრდა მომხმარებელზე გავლენას ახდენს და შემკვეთებმა შესაძლოა იკლოს. კონდიტერი აცხადებს, რომ პასკის შემთხვევაში წელს ფასის გაზრდა მოუწევს და ამ გადაწყვეტილებას ვერ გადახედავს, რადგან შარშან კასპა ძველ ფასში გაყიდა, რაც გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა.

,,ძალიან მერიდება ფასების გაზრდა. თუმცა, სააღდგომოდ უკვე კატეგორიულად გადაწყვეტილი მაქვს, რომ პარკის ფასს გავზრდი. 4 წელი ასე თუ ისე ვინარჩუნებდი პასკის ფასს, ოღონდ ძალიან გაჭირვებით. შარშან აღდგომას უკვე შევატყვე, რომ იმდენი შრომის შემდეგ, რამდენი პასკაც მე ვაცხე, რეალური სუფთა მოგება დამრჩა მხოლოდ და მხოლოდ 700 ლარი. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პასკას ძველ ფასში აღარ გავყიდი და მეც გაორმაგებულ ფასში გავყიდი. ტორტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმს რაც შეეხება, ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ რამდენად გავაძვირო. რანაირად მიიღებენ ამას მომხმარებლები. მეც უნდა დავფიქრდე, მექნება მერე საერთოდ შეკვეთა? შეიძლება საერთოდ აღარ შეუკვეთოს ხომ ადამიანმა. იმიტომ, რომ შეიძლება უკვე ფიზიკურად ვეღარ გაწვდეს. მეც უნდა გავაანალიზო, მიღირს თუ არ მიღირს გაძვირება თუ ჯობია მე მოვიკლო მოგება და მომხმარებელი არ გავაბრაზო. ჯერ ამ ფიქრის პროცესში ვარ, თუმცა პასკაზე კატეგორიულად უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ თითქმის გაორმაგებული იქნება მისი ფასი.’’- აცხადებს ნათია ყურშუბაძე.

საკონდიტრო ,,ფუსფუსის“ დამფუძნებელი და მფლობელი აცხადებს, რომ კონკურენტებმა საკონდიტრო ნაწარმზე ფასები თითქმის გააორმაგეს.

,,მე რასაც ვუყურებ ჩემს კონკურენტებს, კონკურენტ საკონდიტროებს ფასები თითქმის უკვე გაორმაგებული აქვთ. მე ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა გავაკეთო ეს. ისე, რომ არ დავკარგო ჩემი მომხმარებელი და მეც ზარალში და მინუსებში არ გადავიდე. რა თქმა უნდა, ფასის მატება აისახება შეკვეთების რაოდენობაზე. მეც ხომ მომხმარებელი ვარ. მეც ხომ ვყიდულობ პროდუქტს და ძალიან მიჭირს გავწვდე იმ ფასებს, რა ფასებიც არის ბაზრებზე. როგორც მე მიჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება, ისე უჭირს ჩემს დამკვეთებსაც.’’- აცხადებს ნათია ყურშუბაძე.

საკონდიტრო ,,ფუსფუსის“ პროდუქტის დაგემოვნება კაფეში შეგეძლოთ, რომელიც მფლობელმა დაკეტა. ნათია ყურშუბაძე მიზეზად ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს ასახელებს. კონდიტერი საქმიანობას სახლიდან აგრძელებს და შეკვეთებზე მუშაობს.