საქართველოში საავტომობილო ბაზარზე მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. ბოლო წლებში, მოქალაქეები ნაკლებად დაზიანებულ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. ,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში’’ აცხადებენ, რომ მომხმარებელი ავტომობილის ისტორიას უფრო ყურადღებით ეცნობა და არჩევანს ამის მიხედვით აკეთებს.
,,შიდა ბაზრისთვის მთავარია, რომ ავტომობილი იყოს ახალი, მცირე ასაკის. ჰქონდეს კარგი ისტორია. წინა წლებში, ნაკლებად უყურებდნენ ისტორიას, თუმცა წელს მომხმარებელი ძალიან ინტერესდება ავტომობილის ისტორიით. რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა ჩამოდის დაზიანებული და გასაკეთებელი ავტომობილები, რაც არის ავტოიმპორტიორის მოგება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია როგორი დაზიანება აქვს მანქანას. წლების წინ, 2010-2012 წლებში ჩამოდიოდა ევროპიდან ძალიან დაზიანებული ავტომობილები, რომლებსაც აქ აღადგენდნენ. ე.წ. ჩაძირული ავტომობილი როგორ შეიძლება აღადგინო, რომ გამართულად იფუნქციონიროს?’’- აცხადებს ,,ავტო იმპორტიორთა ასოციაციის’’ გამგეობის თავმჯდომარე.
ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რომ საქართველოს შიდა ბაზარზე მოთხოვნა თითქმის ყველა ტიპის ავტომობილზეა, თუმცა მომხმარებელი ხშირად ჰიბრიდულ ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას.
,,ყველანაირი ავტომობილი იყიდება შიდა ბაზარზე. ყველაფერზეა მოთხოვნა, თუმცა ძირითადად ჰიბრიდული ტიპის ავტომობილები იყიდება, რადგან თბილისში არის საცობები. გაცილებით მაღალია მოთხოვნა ჰიბრიდულ ჯიპებზე.’’- აცხადებს ლაშა დარბაისელი.