ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, მსოფლიოში ნავთობის ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაში, პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირება გარდაუვალი იქნება.

კერძო სექტორში ფასების გაძვირებას პროდუქტებზეც აანონსებენ, რომლის გაიაფებასთან დაკავშირებითაც პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობს.

BMG-სთან საუბრისას, დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ნავთობის ფასი ომამდე არსებულ ნიშნულს არ დაუბრუნდა, ეს პროდუქტის ფასზე აისახება. GDBA-ს თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, რომ მომხმარებელზე ეს დაახლოებით 1-1.5 თვეში აისახება.

„საწვავის გაძვირებას თან ახლავს საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებაც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ტვირთბრუნვა უკვე პრობლემურია. საწვავის ფასის ზრდასთან ერთად იზრდება შიდა ლოგისტიკური მომსახურების ხარჯიც, რომელიც კომპანიებს პროდუქციის განაწილებისთვის სჭირდებათ.

ამ ეტაპზე, ხარჯების ზრდის მიუხედავად, საბოლოო ფასებში ეს ცვლილება სრულად ასახული არ არის. თუ პროცესი მოკლევადიანი იქნება, კომპანიები შეეცდებიან ფასები მინიმალურად გაზარდონ ან საერთოდ არ ასახონ ეს ცვლილება მომხმარებელზე. თუმცა თუ ტენდენცია გაგრძელდა და პროგრესირებადი გახდა, საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე ეს აუცილებლად აისახება.

ფასზე ზეწოლას სამი ძირითადი კომპონენტი ქმნის: საერთაშორისო მომწოდებელთან პროდუქციის გაძვირება, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა და შიდა ლოგისტიკური ხარჯების მატება. შესაბამისად, თუ ბაზარზე დასტაბილურება არ დაიწყება, შესაძლებელია, რომ საბოლოო პროდუქტებზე ფასების ზრდა 1–1.5 თვის შუალედში ეტაპობრივად აისახოს“, - განაცხადა რიჟამაძემ.

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს. დღეის მდგომარეობით, ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით 94 დოლარამდეა გაძვირებული. თვის ჭრილში 50%-იანი მატებაა Brent-ის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე თითქმის 108 დოლარს აღწევს. ისტორიულ ნიშნულს მიაღწია აშშ-ში დიზელის საცალო ფასმა და ერთ გალონზე 5 დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირებას განაგრძობს. ფასების კორექტირება ნავთობიმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა 7 მარტს დაიწყეს და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.

bm.ge