საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ, 2024 წელს, ჯამში 43, 635.08 ლარი შეადგინა. დასრულებული მოკვლევის შედეგად 14 635.08 ლარი, ხოლო შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით - 29 000 ლარი - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

შემაჯამებელ ინფორმაციაში სააგენტო წერს, რომ 2024 წელს, 2 მოკვლევა დაასრულა. ერთი საკითხი - სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდებას ეხებოდა, მეორე მოკვლევა - საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის საქმეს.

მოკვლევის მიმართულებით, მიმდინარეა 4 საქმე - რუსთავის ავტობაზრობის, ფარმაცევტული ბაზრის, ბათუმში თევზით ვაჭრობის და ელექტრონული კომერციის ბაზრის მოკვლევა.

"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2024 წელს, 2 მოკვლევა დაასრულა. ერთი საკითხი - სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდებას ეხებოდა, მეორე მოკვლევა - საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის საქმეს.

პირველ შემთხვევაში - კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა, რაც სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობაში გამოიხატებოდა, თუმცა ორი რეკომენდაცია გაიცა. მეორე შემთხვევაში - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა და დამრღვევს ჯარიმა დაეკისრა.

მოკვლევის მიმართულებით, მიმდინარეა 4 საქმე - რუსთავის ავტობაზრობის, ფარმაცევტული ბაზრის, ბათუმში თევზით ვაჭრობის და ელექტრონული კომერციის ბაზრის მოკვლევა.

2024 წელს, დაუშვებლობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული 11 საჩივარზე. მოკვლევის მიმართულებით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ, 2024 წელს, ჯამში 43, 635.08 ლარი შეადგინა. დასრულებული მოკვლევის შედეგად 14 635.08 ლარი, ხოლო შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით - 29 000 ლარი.

2024 წელს, უწყების მიერ ასევე გამოქვეყნდა ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი „სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ex-post მონიტორინგი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების შეფასება, მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. მოკვლევა ეხებოდა - მარნეულის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობების გამოყენებას. ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით, დადგინდა, რომ GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი უწყებების მიერ - სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც აღნიშნული სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.

2024 წელს, GCCA-ში კონცენტრაციების თაობაზე 22 შეტყობინების შესწავლის პროცესი დაიწყო. თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო 4 წარმოება მიმდინარე რეჟიმშია. ამავე პერიოდში გადამოწმებული იქნა 47 644 კონცენტრაციის ტრანზაქცია. აღნიშნული მიმართულებით დარღვევა დაადასტურა 13 საქმეზე, ხოლო 1 შემთხვევაზე წარმოება კვლავ მიმდინარეობს. შესაბამის პირებს GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების საქმეებზე 2024 წელს ჯამურად 263,985.09 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ", - წერს სააგენტო.

მათივე ცნობით, 2024 წელს, დასრულდა 2 - თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ორივე შემთხვევაში GCCA-ის შეფასებით ბაზარი კონკურენტულად იქნა შეფასებული. მონიტორინგის მიმართულებით, მიმდინარე დაკვირვების ქვეშ რჩება - საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის (FMCG), საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრის მონიტორინგები.