,,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი ცოტნე იაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ იკლო, რაც ბიზნესების განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი გარემოებაა. ცოტნე იაშვილი განმარტავს, რომ უცხოეთიდან ფულის შემოდინების შემცირება სანდოობის ნაკლებობას უკავშირდება, კიდევ ერთი ფაქტორი კანონმდებლობაში ხშირად განხორციელებული ცვლილებებია.

,,სანდოობის ქონა და სტაბილურობის განცდა არის პრობლემა, რადგან ხშირად იცვლება ბიზნეს კანონმდებლობა. ეს გარკვეულწილად აშინებს ინვესტორს. პირდაპირი უცხოური კაპიტალის შემოდინება 2 წლის უკან 15%-ით შემცირდა. საუბარია 2022 წლიდან 2023 წლის პერიოდზე. 2023 წლიდან 2024 წელს კიდევ 30%-ით შემცირდა. სანდოობის განცდა როგორც ჩანს არ არის და ეს პრობლემას წარმოადგენს ბიზნესებისთვის. უშუალოდ შემოსული ფული ბიზნესებში უნდა ჩაედინოს, ისინი რომ გაფართოვდნენ და გაძლიერდნენ. ამ დროს ბიზნესები ვერ სარგებლობენ ამ ფინანსებით და ვერ ვითარდებიან.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.

ჩვენი რესპონდენტი წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა (CRS, UNHCR, WFP, World Bank, USAID, MCC) და მათ მიერ დაფინანსებულ პროგრამებს ხელმძღვანელობა. ეს პროგრამები ხელს უწყობდა მცირე ბიზნესების შექმნას, განვითარებას და სამომხმარებლო ბაზარზე გაყვანას. ცოტნე იაშვილი ამბობს, რომ უცხოელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებში საქართველოში ფულის ჩადების სურვილმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ კანონის ამოქმედების შემდეგ იკლო, რადგან მათ აგენტებად რეგისტრირება არ სურთ.

,,არ შემიძლია გვერდი ავუარო ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ კანონს. ამ კანონით სავალდებულო გახდა დარეგისტრირება და გამოცხადება, რომ როგორც კერძო ორგანიზაციები ასევე პიროვნებები უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის აგენტად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უცხოურ ბიზნესს არ უნდა და არ შემოდის. მოქმედი პარტნიორები უკვე შეიძლება თავს იკავებდნენ და ეს არ არის კარგი ტონი. ეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, პიროვნებებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის, რადგან ძალიან ბევრ ბიზნესს ურთიერთობების ჰქონდა უცხოურ ორგანიზაციებთან. ის რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, ნიშნავს რომ ამ კანონმა გარკვეულ წილად დააფრთხო ადგილობრივი ბიზნესმენებიც და უცხოელებიც.’’- აცხადებს ცოტნე იაშვილი.