საქართველოსთვის რუსეთი ღვინის უმსხვილესი სარეალიზაციო ბაზარია. მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილი 56.2%-მდეა შემცირებული. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 78.6%-იანი წილი ეკავა.
4 თვეში საქართველოდან რუსეთში ჯამში 40 450 000 დოლარის ღირებულების 14 403 865 ლ. ღვინო გავიდა. მთავარ საექსპორტო ქვეყანაში ღვინის გადაზიდვების კლება, შეიძლება რუსეთის მიერ ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ სასმლის იმპორტზე დაწესებული ბაჟით იყოს განპირობებული. საიმპორტო გადასახადი 2024 წლის 1 მაისიდან გაიზარდა. ერთ ბოთლზე გაზრდილმა გადასახადმა დაახლოებით 80-90 რუბლი შეადგინა. სწორედ ამ გარემოების გამო რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო მოამარაგეს და საქართველოდან მაისამდე მთელი წლის სარეალიზაციო პროდუქციის 90%-მდე გაიტანეს.
,,ასკანელი ძმები“ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების ათეულშია. კომპანიის დირექტორი ირაკლი უგლავა ,,კომერსანტთან’’ ექსპორტის შემცირების მიზეზად სწორედ საბაჟო გადასახადის გაზრდას ასახელებს. მისი განმარტებით, ერთ ბოთლზე გადასახადი თითქმის გასამმაგდა. გაზრდილი გადასახადის ამოქმედებამდე რუსმა პარტნიორებმა მარაგები შექმნეს და 2024 წლის მარტ-აპრილში საქართველოდან მთლიანი წლის მოხმარების თითქმის 90% გაიტანეს. რის გამოც აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა.
,,შარშან პირველი მაისიდან რუსეთის ბაზარზე ღვინოზე აქციზი გაიზარდა. ბოთლზე გასამმაგდა. როგორც მახსოვს ერთ ბოთლზე 108 რუბლი გახდა აქციზის გადასახადი, ანუ დოლარზე მეტი რუსული რუბლით რომ ვიანგარიშოთ. აქედან გამომდინარე შარშან რუსმა პარტნიორებმა პრაქტიკულად მარტი-აპრილის თვეებში გაიტანეს მთელი წლის მოხმარების მაქსიმალური მარაგები. გაიტანეს რისი საშუალებაც ჰქონდათ თვითონ ფინანსურად და ჩვენც როგორც შევძელით პარტნიორობა და რისკების გაწევა. მთელი წლის გაყიდვების 80-90% წინასწარ მოიმარაგეს, რომ ნაკლები თანხით და დაბალი აქციზით განებაჟებინათ.’’- აცხადებს ირაკლი უგლავა.
,,ასკანელი ძმების“ დირექტორი მიიჩნევს, რომ გასული წლის 4 თვის მონაცემების შედარება მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან არარელევანტურია. ირაკლი უგლავა განმარტავს, რომ რუსული ბაზრისთვის ღვინის მიწოდებაში წელს საბაჟო გადასახადის გაზრდა მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს და მიწოდება გრაფიკის მიხედვით ხდება.
,,არარელევანტურია ახლა შედარება შარშანდელი 4 თვის მონაცემების წლევანდელი 4 თვესთან, რადგან წელს ეგ მომენტი არ თამაშობს და ჩვეულებრივი გრაფიკით მიდის გადატვირთვები.’’- აცხადებს ირაკლი უგლავა.