იმპორტირებულ შაქარზე მომსახურების საფასურის დროებით დაწესებას მიესალმებიან ,,აგარის შაქრის“ ქარხანაში. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შეიქმნა, რაც საქართველოში თეთრი შაქრის დაბალ ფასში შემოტანამ გამოიწვია. ,,აგარის შაქრის კომპანიაში'' მიაჩნიათ, რომ გადასახადის დაწესება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და ფასის სტაბილიზაციის შეუწყობს ხელს. ასევე, წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ქარხანაში სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით მაისის მეორე ნახევარში განახლდება.
,,იმპორტირებულ შაქარზე მომსახურების საფასურის დროებით დაწესების გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, თეთრი შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით იქნა მიღებული. ბოლო თვეებში ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში თეთრი შაქრის იმპორტი საერთაშორისო საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა და თეთრი შაქრის ადგილობრივი წარმოება დააზარალა. შედეგად, აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და იქ დასაქმებული 500-მდე ადგილობრივი მოსახლე სამუშაოსა და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.
შაქრის იმპორტზე მომსახურების საფასურის დროებითი დაწესება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე თეთრი შაქრის ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ამასთან, საწარმოს ადმინისტრაციას მისცემს შესაძლებლობას, განაახლოს ქარხნის მუშაობა, აწარმოოს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 500-მდე დასაქმებული შეძლებს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს.
შაქარზე იმპორტის გადასახადი ქვეყანაში 1 წლის ვადით იმოქმედებს. გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაუწყო. დღეს ქარხანაში მიმდინარეობს წინა სარემონტო სამუშაოები და სრული დატვირთვით ამუშავდება მაისის მეორე ნახევარში.’’- აცხადებენ კომპანიაში.