„ზოგიერთი ქარხანა დაიხურება, ხალხი კი ალტერნატიული დასაქმების გარეშე დარჩება“ - „პეპსი საქართველო“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. ნინო მამისაშვილის განცხადებით, რეგულაცია მხოლოდ მათ სექტორში 2 000-ზე მეტი ადამიანის დათხოვნას გამოიწვევს, წარმოების გადაწყობისთვის საჭირო 2 წლიანი პერიოდი კი გარკვეული დროით ბაზარს პრაქტიკულად გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე დატოვებს.
“ჩვენი შეფასებით, წარმოების 75-80% თუ PET-ზე მოდის, ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საწარმოო მოცულობები ინდუსტრიაში ალბათ 75%-ით მაინც შემცირდება. ბუნებრივია შემცირდება ჯამური შემოსავალიც. ეს ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ჩვენ გადახდილ გადასახადებზე, ისე ამ გადაწყვეტილების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება დასაქმება. ამ სექტორს სამსახურიდან ძალიან ბევრი ადამიანის გათავისუფლება მოუწევს.
ჩვენი შეფასებით, ლუდის სექტორის წარმადობა დაახლოებით 140 მილიონი ლიტრია და ამ მიმართულებითაც ნეგატიური ეფექტი ექნება, ანუ სასმელების წარმოება 1 მლრდ ლიტრის ფარგლებშია, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 2000-ზე მეტი ადამიანით შემცირდება. ამასთან, ამ ადამიანებს ალტერნატიული დასაქმების ადგილი არ ექნებათ, იმიტომ, რომ მაგალითად ხაზის ოპერატორი ვერსად დასაქმდება, რადგან სხვა ყველა ქარხანას ანალოგიური პრობლემა ექნება. ეს შემდეგ დომინოს პრინციპით ყველაფერზე იქონიებს გავლენას.
მაგალითად, ჩვენი ნედლეულის მომწოდებლებზე იქონიებს კიდევ პირდაპირ გავლენას, მათაც ფაქტობრივად ბიზნესი დაეხურებათ და ხალხიც უმუშევარი დარჩება, ის ინვესტიციები, რომელიც ჩადეს, ფაქტობრივად ჰაერში გაფრინდება. ასეთ ნეგატიურ ეფექტს ველოდებით.
ამასთან, ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწევს. თუ ამ რეგულაციაზე გადავეწყობით, ახალი ხაზების ჩამოტანა მოგვიწევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამას 1.5-2 წელი მაინც სჭირდება, რომ ამ ხაზისთვის ადგილი მოაწყო და ჩამოიტანო და დააინსტალირო.
ვინც მოერგება, მოერგება, მაგრამ მაინც ბაზარი იქნება რაღაც პერიოდი, გამაგრილებელი სასმელების, ლუდისა და წყლის გარეშე, ანუ ვგულისხმობ PET-ში ჩამოსხმულ მოცულობებს”,- აცხადებს BMG-სთან "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი საქართველოს" ფინანსური დირექტორი ნინო მამისაშვილი.
მისივე თქმით, რეგულაცია პროდუქციის ფასს მინიმუმ 2.5-ჯერ გაზრდის.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.