საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის გენერაციის 6 რეგულირებადი საწარმოს მარეგულირებელი აუდიტის შედეგები მოისმინა და დადებითად შეაფასა. სემეკის მიერ ჩატარებული მარეგულირებელი აუდიტის შედეგად, 4 თბოსადგურისა და 2 ჰიდროელექტროსადგურის დანახარჯები  ჯამში 21 მლნ ლარამდე შემცირდა, რაც ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე დადებითად აისახება.

მათ შორის, შემცირება შეეხო საოპერაციო დანახარჯებს - 12,2 მლნ ლარით, ინვესტიციების ნაწილს  - 8,1 მლნ ლარით, ხოლო შესამცირებელი სხვა საოპერაციო შემოსავალი განისაზღვრა  - 0,5 მლნ ლარით.

საჯარო სხდომაზე კომისიამ მოისმინა სს „ხრამჰესი I“-სა და  სს „ხრამჰესი II“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები, ასევე შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და შპს „მტკვარი ენერჯის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასურის დადგენის მიზნით შედგენილი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ანგარიშები.

მარეგულირებელი აუდიტის საფუძველზე კომპანიებს განესაზღვრათ კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების მაჩვენებლები ახალი სატარიფო წლისთვის.