კლუბი KHIDI ,,ქართული ოცნების" მიერ ხელახლა დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმოანება და წერს, რომ
,,საზოგადოებას შესწევს ძალა, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს რუსულ კანონს”
,,კომერსანტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
2023 წლის მარტში ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის დამტკიცებას საზოგადოებამ კონსოლიდირებული ძალით უპასუხა, რითაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ ურყევი პოზიცია გამოხატა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიცირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია.
დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება "რუსული კანონის’" დაინიცირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს.
ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ კანონს’’ - წერია განცხადებაში.