საქართველოში საწვავზე ფასებმა 5-დან 8 თეთრამდე დაიწია. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ მოლოდინი აქვთ, რომ ფასების კლება შესაძლოა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდეს. კავშირში ასევე განმარტავენ, რომ საქართველოში 5 თვეა ფასებზე განსაკუთრებული რყევები არ შეინიშნებოდა და ფასები საკმაოდ სტაბილური იყო.
საწვავზე ფასის დაკლებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს ეკონომისტი ნიკა შენგელია. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის არ გამორიცხავს, რომ ფასის კლება ხელისუფლების თხოვნას უკავშირდებოდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ფასების მატება სასურველი არ არის. მისივე თქმით, ნავთობზე ფასი მოიმატებს და 2 კვირაში ბარელი 85 დოლარამდე ეღირება. რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საწვავის ფასის გაზრდას გამოიწვევს.
,,საწვავის ფასს საქართველოში ძირითადად აკონტროლებს კარტელი და მათი მოგების მიღების მადა. ამიტომ 5-8 თეთრით გაიაფება ალბათ, ხელისუფლების წინასაარჩევნო თხოვნაა. ექსპერტები აქვეყნებენ და აჭრელებენ პრესას, რომ ნავთობის ფასების გაიაფება მოსალოდნელია და დაწყებულია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. წერენ, რომ 60 დოლარამდე ჩამოვა, ეს ვერ მოხდება. ჩვენი პროგნოზით, ნავთობის ფასების მატება იქნება, ამიტომ არჩევნების შემდეგ კვლავ მოიმატებს. წინასაარჩევნო პერიოდია და უნდათ ფასები მაღლა არ ასწიონ. თორემ ნავთობის ბარელის ფასი 79 დოლარია. ეს იმაზე მეტია ვიდრე იყო 20 სექტემბერს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ ნავთობის ფასი მოიმატებს დაახლოებით 85 დოლარამდე. მატება ამ 2 კვირის განმავლობაში დაფიქსირდება, შესაბამისად არჩევნების შემდეგ იმპორტიორები გაზრდიან ფასს საწვავზე.’’- განაცხადა ,,კომერსანტთან’’ საუბარში ნიკა შენგელიამ.