ქართულ ბაზარზე „ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ დადებული გარიგების თანახმად, უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება შეიქმნა, რომლის აქციონერებიც „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები გახდნენ.

აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით. „დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ისეთი ქსელური მარკეტებით ოპერირებს, როგორებიცაა „სპარი“, „იოლი“, „დეილი“, „კალათა“ და „გვირილა“. მიმდინარე წელს საცალო ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, რომელიც „დეილისა“ და „სპარის“ შერწყმით გაფორმდა, სწორედ ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული.

„ზედაზენი ჯგუფს“ ეკუთვნის „ქართული ლუდის კომპანიის“ 100%-იანი წილი და „მაგნიტის“ საკონტროლო პაკეტი.

„საქართველოს რითეილ ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სოფიო ქაშაკაშვილის შეფასებით ეს გაერთიანება სავაჭრო ბაზარს ჯანსაღ კონკურენციასა და დახვეწილ სერვისს მოუტანს.

„სექტორს ეს სიახლე ძალიან პოზიტიურად წაადგება, რადგან ხარისხს აამაღლებს და უფრო დიდ კონკურენციას შექმნის, იქნება ეს ფასების, სერვისის თუ რეგიონების ათვისების თემა. რაც უფრო კონკურენტული იქნება ეს სექტორი, მომხმარებელი  მეტად მოგებული დარჩება.

ფასების მხრივ მხოლოდ დადებითის მომტანი შეიძლება იყოს, რადგან გვაქვს მოლოდინი, რომ მომხმარებელს უფრო კონკურენტულ ფასს შესთავაზებენ. იმისთვის, რათა კონკურენტებმა ფეხი აუწყონ, მათაც მოუწევთ დაბალი ფასები შესთავაზონ მომხმარებლებს“,- აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში.