სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.
ცვლილებები “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.
პარლამენტს განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრება.
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება.
აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.
აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.
როგორც მთავრობა განმარტავს, ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა რეალურ შემაკავებ ფუნქციას ვერ ასრულებს და ეფექტიან პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.
“ნებართვის მფლობელისათვის ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა“, - აცხადებს მთავრობა.
პროექტი ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.